თეგებით ძიება

"დესპოტი შეყვარებული ვიყავი. იმ ბიჭს ვაიძულებდი, როგორც მე მინდოდა, ისე მოქცეულიყო" - ბარბარა სამხარაძე

"პირველად რომ შემიყვარდა, ბაღში დავდიოდი. იმ ბიჭს ვაიძულებდი, როგორც მე მინდოდა, ისე მოქცეულიყო", - იხსენებს მუსიკოსი ბარბარა სამხარაძე. ვის მიუძღვის ყველაზე დიდი როლი მის წარმატებაში, ბებიის ნათქვამი რომელი ფრაზა იქცა მისი ცხოვრების დევიზად, რა ვერ ისწავლა დღემდე და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...2000 წლის 12 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი და მომღერალი. როდესაც ფილმებში ვხედავდი, მსახიობები მიუზიკლებში მღეროდნენ, ძალიან მინდოდა, მეც ეს საქმე მეკეთებინა: თან მემღერა, თან ფილმში მეთამაშა. ახლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან ბევრი კითხვის დასმა და ადამიანებთან კონტაქტი მიყვარს. მომავალში ჩემს თავს არა - კლასიკურ ჟურნალისტიკაში, არამედ ვლოგის, ბლოგის და მსგავსი მიმართულებით უფრო ვხედავ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კარგი გოგოაო, მაგრამ ამის თქმა უხერხული არ არის? უმეტეს შემთხვევაში, ხაზგასმას ჩემს სიკეთეზე აკეთებენ, უცნობებშიც კი კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...პირველი კასტინგი "ნიჭიერში" და შემდეგ ამ პროექტში გამოსვლა. რას ვგრძნობდი და განვიცდიდი მაშინ, იმ ემოციის აღწერა და დალაგებულად გადმოცემა შეუძლებელია. ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს დას. 14 წლის ვიყავი, სოფლიდან თბილისში რომ წამოვედი და იმ ასაკიდან დღემდე, ჩემზე პასუხისმგებელი პირი ჩემი დაა. სამსახურს თავი დაანება, რადგან მისი მხარში დგომა მჭირდებოდა. მომღერლებს პროდიუსერები ხომ ჰყავთ, რომლებიც რაღაც საკითხებს უგვარებენ, ეს საქმე თავიდან ბოლომდე ჩემს დას აქვს საკუთარ თავზე აღებული.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ამდენი ადამიანი ჩემ მიმართ დადებითად არის განწყობილი და უკვე აღარ მიწევს რაღაცების მტკიცება. დღეს უკვე მე მე ვარ, საზოგადოება მიღებს ასეთს და არც ერთ ასპექტში პრობლემას არ მიქმნის.

- ეს ყოველთვის ასე იყო?

- არა. ჩემი ასაკის კატეგორიაში მე ვიყავი პირველი ჭარბწონიანი ადამიანი, რომელმაც გაბედა და პრეტენზია გამოთქვა სცენაზე დამდგარიყო. 2 წლის მანძილზე მიწევდა ბრძოლა ფრაზასთან: "უი, უნდა გახდე და მერე ყველგან მიგიწვევენ".

- ანუ შენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა?

- ამ სიტყვებს ისე ტკბილად მაპარებდნენ, ახლა უფრო ვაანალიზებ, ლამაზად ნათქვამი ფრაზა კი არა, უხეშობა იყო.

- მაშინ ამას არ აპროტესტებდი?

- ამას ჩვეულებრივად ვიღებდი. ვიღაცა რაღაცას მირჩევს, მეუბნება, რადგან მისი აღქმით გამხდარი უკეთესი ვიქნები, მაგრამ მე ხომ ჩემი აზრი მაქვს და ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტია. არავისთვის არ მისმენია. ისეთი ვარ, როგორიც მინდა ვიყო. არავისთვის არაფრის მტკიცება აღარ მიწევს, ჩემს საქმეს ვაკეთებ ისე, როგორც მსიამოვნებს, როგორც მიხარია და აღმოჩნდა, რომ ეს ხალხსაც მოსწონს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ღიმილი. სადაც უნდა წავიდე, თუ არ ვიღიმი, შანსი არ არის, იქ სიტუაციას მოვერგო. ხშირად ღიმილით უთქმელი სიტყვებიც არის.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...დავეხმარო ადამიანებს და მათი ცხოვრება უკეთესებისკენ შევცვალო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის წარმომავლობას, სტატუსს, ბანკის ანგარიშზე არსებულ თანხას... მთავარი ადამიანური ღირებულებებია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...შემიძლია სხვის გასაცინად კლოუნს დავემსგავსო, ვიხუმრო; ის გავაკეთო, რასაც სხვა ჩემთვის არასდროს გააკეთებს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში მოდიან, ყოველთვის არ რჩებიან და ზუსტად იმ დროს მიდიან, როცა წინ მიიწევ. ისეთ ასაკში გავხდი წარმატებული, მეგობრების შეძენა რომ იწყება. ადამიანების ორი კატეგორია არსებობს: ერთი გაღმერთებს, მეორე კი ცდილობს დაგაკნინოს. ეს უკანასკნელნი ვერ იტანენ სხვის წარმატებას. რამდენიმე ბავშვი რომ იდგა და მე მივდიოდი, იქ საუბარი წყდებოდა. ფაქტი იყო, ჩემზე ლაპარაკობდნენ. მომდიოდა ამბები: "უი, რა გოიმობას მღერის", "ეს რა ეცვა" და ა.შ. ეს ბავშვური ეგოიზმი იყო.

- პატიება შემიძლია...

- ...ყველა ვარიანტში. ინდივიდებს შორის კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია, ეს კომუნიკაცია სწორად შედგეს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ძალიან მეშინია. გასართობ პლატფორმებზეც კი ყოველდღიურად იმდენი ნეგატივი ვრცელდება, მომავალზე ფიქრი საერთოდ არ მინდა. ცხოვრება არის ძალიან მოკლე და უნდა იყო ბედნიერი იმით, რაც გაქვს. მომავალზე არ ვფიქრობ, ყოველდღე ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც მე მიყვარს. იყო პერიოდი, როცა ადგილის დასამკვიდრებლად რაღაცების გაკეთება მიწევდა, ახლა ერთმა 3-წუთიანმა სიმღერამ ყველაფერი გადაწონა. სიმღერამ, რომელიც საკუთარ თავს დავუწერე da ჩემი შინაგანი მდგომარეობის გამოძახილია.

- ამ სიმღერამ თავად შენში რა შეცვალა?

- ყოველდღე სრულიად უცნობი ადამიანებისგან ისეთ გზავნილებს ვიღებ, რკინა და ქვა უნდა იყო, ამან შენში არაფერი შეცვალოს, თავდაჯერებულობა მომემატა. ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ არასდროს ვიყავი "საკმარისი" იმ საზოგადოებისთვის, სადაც მე მიწევდა ტრიალი.

- მაგალითად?

- თუნდაც გადაცემის ჩაწერის, ინტერვიუს დროს, თავად სოციუმი გაგრძნობინებს თავს სხვანაირად. მათ იციან, რომ (ასაკიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე) მყარად დგანან იმ საფეხურზე და როცა შენ მოდიხარ ჭაბუკიანიდან და ამ ყველაფრის გავლა მარტოს გიწევს, ძალიან რთულია თავი მის თანასწორად აღიქვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამის შეგრძნება შინაგანად გქონდეს და მაყურებელიც გაგრძნობინებდეს, რომ უყვარხარ. ეს შინაგანი ბრძოლა ჩემში ყოველთვის იყო.

- ვიბნევი...

- ...როცა რაღაცას მავალებენ და იმავდროულად, კიდევ სხვა რაღაცას მეუბნებიან.

- ვნანობ...

- ...მძაფრი სინანული არაფრის გამო არ მაქვს. რომ შემეძლოს, ჩემს გულწრფელობას უკან დავიბრუნებდი, რა გულწრფელობითაც ისეთ ადამიანებთან ვურთიერთობდი, რომლებიც ამას არ იმსახურებდნენ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სოფელში. ბოლო 3 დღეა ეს სურვილი გამიმძაფრდა და ჯერ წასვლას ვერ ვახერხებ.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას, როცა რაღაც აბსურდის დაჯერებას მაძალებენ. უსამართლობა ჩემი მისამართით შეიძლება ავიტანო, მაგრამ სხვის მიმართ უსამართლობას როცა ვაწყდები, ეს ფაქტი ძალიან მოქმედებს.

- მეზარება...

- ...უნივერსიტეტში სიარული.

- სიყვარული ეს...

- ...არის შეგრძნება.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ბაღში დავდიოდი. იმ ბიჭს ვაიძულებდი, როგორც მე მინდოდა, ისე მოქცეულიყო, თუნდაც ფეხებზე მასაჟი ეკეთებინა. როცა ყველა ბავშვი თავის ადგილზე იჯდა და ჩემთვის ადგილი აღარ იყო, ის ამდგარიყო და საკუთარი ადგილი ჩემთვის დაეთმო. ცოტათი დესპოტი შეყვარებული ვიყავი (იცინის).

- მაკვირვებს...

- ...ადამიანები ისეთ როლს რომ ირგებენ, რომლის თამაშითაც საზოგადოებაში ადგილის პოვნა უნდათ. მაოცებს ის საზოგადოება, რომელიც მათ იღებს (თუ თავს აღებინებენ, ეს ცალკე ფენომენია).

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მუსიკამ.

- ვრისკავ...

- ...მაშინ, როცა პირველი ნაბიჯის გადადგმას არავინ აპირებს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ის არის, რომ უარის თქმა არ ვიცი. არ შემიძლია ვთქვა "არა", არადა ვხვდები, საჭიროა.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ალბათ 3 თვის წინ. დადებითი ემოციები ჩემში უარყოფით ემოციებს იმდენად ხშირად ანაცვლებს, ძალიან რთულია გავიხსენო, ბოლოს როდის ვიტირე, ბედნიერებისგანაც ხშირად ავტირებულვარ. სიმღერა რომ ჩავწერე, დედამ კარგად ვერ მოისმინა და გამაკრიტიკა, მთელი დღე ვტიროდი. ბედნიერების ცრემლი უფრო ხშირად მაქვს. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს შავ-თეთრი ფონი გასდევს. იმ ბედნიერებასაც ვერასდროს ვირგებ, რადგან წინ რაღაც ცუდი ერთვის, ჩემი ცხოვრება მუდმივად პლუსის და მინუსის ბალანსია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან ვკომპლექსდები, "ვერ" მიხარია, იმ დროს თავს უსუსურ არსებად ვგრძნობ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...არავის საუბარს არ აცდიო.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს, რადგან ჩემი თავი ისეთი მომწონს, როგორიც ვარ. გარეგნობას არ ეხება, მაგრამ სუსტი კაპილარები მაქვს და მაგას გამოვცვლიდი. ალერგიული ვარ და ამასაც მოვიშორებდი.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს საყვარელ ადამიანებთან.

- ვიტყუები...

- ...არასდროს, რადგან როცა ტყუილს ვამბობს, სახეზე მაწერია.

- თავისუფლებაა...

- ...როცა შენ ხარ მართალი საკუთარ სინდისთან, როცა შენს სიმართლეში ეჭვი არ გეპარება.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბავშვთა და მოხუცთა სახლებს ავშენებდი, შემდეგ - ძაღლების თავშესაფრებს, ჭაბუკიანელებს ბანკის ვალებს დავუფარავდი და მერე სხვებსაც, სადამდეც თანხა მექნებოდა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ბოლო პერიოდმა მიჩვენა, რომ მუდმივი არაფერია, არც მწუხარება, არც ბედნიერება. ამის გააზრება მეხმარება რთულ პერიოდებთან გამკლავებაში.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ....ბებია ხშირად მეუბნებოდა: ტაქტიკა, ზომიერება, გონიერება და ჰარმონია თავისით მოვაო. ეს სიტყვები მთელი ჩვენი ოჯახის დევიზად იქცა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ტაქტიკით, ზომიერებითა და გონიერებით იპოვეთ ჰარმონია ცხოვრებაში და მოიპოვეთ თავისუფლება!

წყარო - ჟურნალი "გზა"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა