თურქეთში 8 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე ბავშვის დედა, მამა, ორი უფროსი ძმა და სამი ბიძა დააკავეს
თურქეთის დიარბაქირის პროვინციაში 21 აგვისტოს დაკარგული 8 წლის ნარინ გიურანი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
არასრულწლოვნის ცხედარი 8 სექტემბერს თავშანტეპეს რაიონში, მისი სახლიდან 2 კმ-ში, პატარა მდინარის კალაპოტში აღმოაჩინეს. სიკვდილის მიზეზის დადგენა სხვადასხვა სახის ექსპერტიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
8 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე 24 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ნარინ გიურანის დედა, მამა, ორი უფროსი ძმა და სამი ბიძა. საქმეზე პროკურორთა ჯგუფი მუშაობს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, არასრულწლოვნის ცხედარი ტომარაში იყო ჩადებული და მას იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც ბოლოს სახლიდან გასვლისას. მათი თქმით, პირველადი მონაცემებით გოგონა მოკლულია და ის მდინარეში შემდეგ ჩააგდეს, ცხედარი კი ხის ტოტებით და ქვებით დაფარეს.
არასრულწლოვანი 21 აგვისტოს დაიკარგა. მას შემდეგ რაც 8 წლის გოგონა ყურანის შემსწავლელი კურსებიდან სახლში აღარ დაბრუნდა ოჯახმა მისი ძებნა საკუთარი ძალებით დაიწყო. უშედეგო ძებნის შემდეგ საღამოს გოგონას დაკარგვის შესახებ უკვე პოლიციასაც შეატყობინეს. სამართალდამცავებმა გოგონას ძებნის ფარგლებში მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი დაახლოებით 150 მანქანა გამოიკვლიეს და ჩხრეკა ჩატარდა ადგილობრივ სახლებში და სოფელში შემოსულ მანქანებში. საერთო ჯამში, 12 565 მანქანა გაჩხრიკეს, 130 ადამიანი გამოიკითხა, 32 952 ადამიანი შემოწმდა და 11 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის დათვალიერება მოხდა შვიდი მაძებარი ძაღლის დახმარებით.
გოგონას გაუჩინარებამდე ბოლო კადრები სკოლის უსაფრთხოების კამერამ დააფიქსირა. კადრებში 21 აგვისტოს 15:15 საათზე. ჩანს, რომ ის ოთხ მეგობართან ერთად სეირნობს და შემდეგ შორდება, რათა სახლისკენ წავიდეს.
გამოძიების ფარგლებში მკლავზე ნაკბენის გამო ნარინის უფროსი ძმა 18 წლის ე.გ. დააკავეს. თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს რადგან ვერ დადგინდა, იყო თუ არა ნაკბენის კვალი მისი დისგან. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ნარინის ბიძა, სალიმ გურანი, ასევე თავშანთეფეს სოფლის უფროსი. სალიმ გურანის მანქანიდან აღებული დნმ-ის ნიმუშები ემთხვეოდა ნარინის ტანსაცმელზე აღმოჩენილს. ჟანდარმერიის მიერ შემოწმების შემდეგ სალიმ გურანი სასამართლოში ჯავშანმანქანით წაიყვანეს. 2 სექტემბერს ის სასამართლომ „განზრახ მკვლელობისა“ და „თავისუფლების აღკვეთის“ ბრალდებით დააკავა.
გოგონას დაკარგვის და შემდეგ სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის ის, რომ ბავშვი შეიძლება გახდა შეთქმულების მსხვერპლი, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი სამხედრო ოფიციალური პირები, მენზილის რელიგიური სექტა და ოჯახი, ასევე არსებობს ეჭვები ისეთ ვერსიებზეც, როგორიცაა ორგანოებით ვაჭრობა ან გატაცებას, როგორც ანგარიშსწორება ოჯახის ვალის გამო.
8 წლის გოგონას სიკვდილის ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა თურქეთში. ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა და ოპოზიციის ლიდერებმა ბავშვების დასაცავად ხელისუფლებას მკაცრი კონტროლის მექანიზმების შექმნისკენ მოუწოდეს.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის პირადად მიადევნებს თვალყურს სასამართლო პროცესს.
წყარო: მთავარი არხიი