როგორია 1 კვ.მ.-ს ფასი ძველ აშენებულ კორპუსებში უბნების მიხედვით - ის რაც უნდა იცოდე მეორადი ბინის შეძენამდე
თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 70% კორპუსებში ცხოვრობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 35-65 წლის წინ, საბჭოთა პერიოდში აშენდა. ყველაზე მეტი კორპუსი თბილისში 1971-1980 წლის დეკადაში აშენდა. ბოლო პერიოდში მცირდება მოთხოვნა მეორად ბინებზე და იზრდება თანამედროვე კორპუსებზე. უკანასკნელი მონაცემებით (Colliers Georgia), ძველ პროექტებში 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით ტრანზაქციების მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული. თუმცა მოთხოვნის შემცირების მიუხედავად ფასი 7-10%-თ გაიზარდა დედაქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში.
ძველი შენობების სიმრავლით გარეუბნები გამოირჩევა. 1 კვ.მ. მეორადი ბინის ფასი, საშუალო მდგომარეობით გლდანში 780 დოლარიდან 900 დოლარამდე მერყეობს. საშუალოდ აქ კვადრატულ მეტრს 830 დოლარად შეიძენთ. ფასი დამოკიდებულია მეტროსთან სიახლოვეზე, მიკრორაიონზე და სხვა.
720 დოლარიდან 830 დოლარამდე მერყეობს ფასები მუხიანში. ზღვისუბანში (ყოფილი თემქა) ფასები უფრო ფართო დიაპაზონში მერყეობს და საშუალოდ დაახლოებით 800 დოლარს უტოლდება.
შედარებით მაღალია ფასები სანზონაში, მეტრო ღრმაღელისა და გურამიშვილის მიმდებარედ. 1 კვ.მ.-ს ღირებულება 850-950 დოლარის ფარგლებშია.
დიდი დიღომში ფასები 850 დოლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია მიკრორაიონზე. პირველ და მეორე მირორაიონში შესაძლოა ფასი 900 დოლარს აღემატებოდეს, ხოლო მესამე და მეოთხე მიკროებში 800 დოლარიც ღირდეს.
დიდუბის რაიონში 1 კვ.მ.-ს ფასი 950-დან 1100 დოლარამდეა.
850-950 დოლარია 1 კვ.მ.-ს ღირებულება ისანში. 750-800 დოლარის ფარგლებში მერყეობს ფასები ვარკეთილში, ვაზისუბანსა და სამგორში.
საბურთალოზე საშუალო ფასი 1300 დოლარია, ხოლო ვაკეში 1450.
ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბინები მთაწმინდასა და სოლოლაკშია სადაც კვ.მ.-ს ფასები 1600-1700 დოალრია.
გასათვალისწინებელია, რომ მეორადი ბინების შეძენისას თქვენ მოგიწევთ ბინის ავეჯითა და კოსმეტიკური რემონტით უზრუნველყოფა. ხშირად სწორედ ეს ფაქტიც ხდება მიზეზი, როდესაც ადამიანებს ურჩევნიათ ახალ აშენებულ ბინაში შევიდნენ საცხოვრებლად და არ დახარჯონ დიდი ენერგია. გარდან ამისა, საბჭოთა დროს აშენებული კორპუსების დიდი ნაწილი ამორტიზებული და დაზიანებულია, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს.