Reuters: რუსეთმა ჩინური ნაწილების გამოყენებით ახალი კამიკაძე დრონების წარმოება დაიწყო
გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთმა წინა წელს ახალი, შორი მოქმედების დრონების წარმოება დაიწყო, რომლებიც ჩინური ნაწილებითა და ძრავით მზადდება. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ევროპული სადაზვერვო სააგენტოს ორ წყაროსა და ნანახ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, მოპოვებული ინფორმაცია ახალი დრონის წარმოების კონტრაქტს, წარმოების პროცესზე კომპანიის მიმოწერასა და ფინანსურ დოკუმენტებს მოიცავდა. დოკუმენტები აჩვენებს, რომ რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული იარაღის მწარმოებელი კომპანია Almaz-Antey-ის შვილობილმა კომპანიამ, IEMZ Kupol-მა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი Гарпия А1 დრონი დაამზადა.
გამოცემის ინფორმაციით, აქამდე ჩინური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი რუსული დრონის არსებობის შესახებ ცნობები გავრცელებული არ ყოფილა.
სადაზვერვო სააგენტოს ორი წყაროს თქმით, აღნიშნული Гарпия А1-ის დრონები რუსეთმა უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენა, რამაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დააზიანა და როგორც სამხედროების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა გამოიწვია.
წყაროებმა ასევე Reuters-ს უკრაინიდან Гарпия А1-ის დრონის ნამსხვრევების სურათებიც გაუზიარეს, დამატებითი დეტალების მიწოდების გარეშე. გამოცემის თქმით, მათ მოიპოვეს ინფორმაცია, რომელიც ამ დასკვნას ამყარებს, თუმცა სურათების ცალკე გადამოწმება ვერ მოხერხდა.
გამოცემა Reuters-ის თქმით, IEMZ Kupol-სა და Almaz-Antley-ის, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარის გაკეთების მოთხოვნაზე პასუხი არ გაუკეთებიათ, ხოლო ჩინეთის საგარეო სამინისტროში განაცხადეს, რომ პეკინი მკაცრად აკონტროლებს საექსპორტო ნივთებს, რომელსაც პოტენციური სამხედრო გამოყენება შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის დრონებსაც.