თეგებით ძიება

„ვადაგასული ხრუშჩოვკები“ - რატომ არის დროული და აუცილებელი ძველი სახლების ახალი კორპუსებით ჩანაცვლება

„ხრუშჩოვკების“ ისტორია გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო, როცა ომში გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა დანგრეული ქალაქების, ქარხნებისა და ფაბრიკების აღდგენა დაიწყო. ახალგაზრდა მშენებლები სამუშაოდ უპერსპექტივო სოფლებიდან ქალაქებისკენ მიიწევდნენ, სადაც ყველაფერთან ერთად, დაბინავებაც სჭირდებოდათ.

1930-იან და 1950-იანი წლების დასაწყისში აშენებული სტალინური პროექტის სახლებმა (ე.წ. სტალინკა) საბჭოთა მოქალაქეების დაბინავების პრობლემა ვერ გადაჭრა, რადგან ინდივიდუალური არქიტექტორული პროექტით, კლასიციზმის სტილში აგებული შენობების მდიდრულმა არქიტექტურულმა ელემენტებმა მშენებლობის პროცესი შეანელა, ღირებულება კი გაზარდა.

„სტალინკების“ მშენებლობა 1953 წელს,  სტალინის გარდაცვალებისა და საბჭოთა კავშირის სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ შეჩერდა. საბინაო კრიზისის აღმოსაფხვრელად, არქიტექტორებსა და მშენებლებს დაევალათ მაქსიმალურად მოკლე დროში და  მინიმალური სამშენებლო ხარჯებით დაეწყოთ მცირე ზომის სახლების მასობრივი მშენებლობა, სადაც თითოეულ მაცხოვრებელს არა საერთო სარგებლობის, არამედ საკუთარი სამზარეულო და აბაზანა ექნებოდა. 

ინჟინერ ვიტალი ლაგუტენკოს პროექტის მიხედვით აშენებული კორპუსები, რომლებსაც მოგვიანებით „ხრუშჩოვკები“ დაარქვეს, პირველად 1955 წელს გამოჩნდა. ეს იყო 3-5 სართულიანი აგურის ან პანელის სახლები ლიფტის და ნაგვის ბუნკერის გარეშე. ახალ სახლებში ჭერის სიმაღლე მხოლოდ 2,5 მ. იყო. სახლებს პატარა სამზარეულოები, თხელი კედლები და ხმის ცუდი იზოლაცია ჰქონდა, მაგრამ ომის დროინდელი ყაზარმების, სარდაფებისა და ვიწრო კომუნალური ბინების შემდეგ საბჭოთა მოქალაქეებს ასეთი ეკონომიური საცხოვრებელიც კი ფუფუნებად ეჩვენებოდათ.

„ხრუშოვკების“ მშენებლობის პროცესი ისეთი სწრაფი და ეკონომიური აღმოჩნდა, რომ მალე ამ ტიპის ბინების მშენებლობა მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყო და თითქმის 1980-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ 5-სართულიანი პანელის შენობების აშენების იდეა ხრუშჩოვს საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც გარეუბნებში მუშების სტანდარტული სახლები ნახა. ფრანგულ პროექტებთან შედარებით, საბჭოთა „ხრუშჩოვკები“ უფრო მარტივი იყო და შედარებით სწრაფადაც შენდებოდა.

თავდაპირველად „ხრუშჩოვკების“ ექსპლუატაციის ვადა 25 წლით განისაზღვრა,  თუმცა მოგვიანებით, 50 წლამდე გაიზარდა.

1960-იანი წლების ბოლოს ინჟინერ ვიტალი ლაგუტენკოს პროექტი იდეურად მოძველდა. დიდ ქალაქებში „ხრუშჩოვკები“ ლიფტით აღჭურვილმა, 9-12 სართულიანმა შენობებმა ჩაანაცვლა, სადაც ოთახების უფრო მოსახერხებელი განლაგება იყო, თუმცა, შედარებით პატარა ქალაქებში „ხრუშჩოვკების“ მშენებლობა1980-იანი წლების შუა ხანებამდე გაგრძელდა.

დღეს თბილისში არაოფიციალური ინფორმაციით, 512 „ხრუშჩოვკაა“, სადაც 12 ათასამდე ოჯახი ცხოვრობს. ძველი საბჭოთა ბინების ჩანაცვლების იდეა თბილისის მერიის დღის წესრიგში დიდი ხანია დგას და მათ ნაცვლად ეტაპობრივად ახალი 8-სართულიანი კორპუსების აშენება იგეგმება.

დედაქალაქში მდებარე ზოგიერთ „ხრუშჩოვკას“ ავარიულობის ისეთი მაღალი ხარისხი აქვს, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშიც კია. გარდა ამისა, ძველ ბინებში არ არის მოწესრიგებული სადარბაზო და გარე ფასადი, საშინელ მდგომარეობაშია ლიფტები, რაც ბუნებრივია, ფასზე და მოთხოვნაზე აისახება. 

21-ე საუკუნის თაობას დაბალჭერიანი, თხელკედლიანი, ულიფტო და არაკომფორტული საცხოვრებელი, რომელსაც ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდა, არ აკმაყოფილებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორპუსების მშენებლობა თანამედროვე რეგულაცების შესაბამისად ხორციელდება და ექსპლუატაციაში ვერ შევა, თუ 2016 წელს მიღებულ 41-ე დადგენილებას ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე არ აკმაყოფილებს. 

ცნობისთვის, რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოებას ეხება, რაც ნებისმიერი მაცხოვრებლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახალ კორპუსში ბინის შეძენისას შეგიძლიათ დეველოპერისგან მოითხოვოთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ შენობა დადგენილებასთან შესაბამისობაშია.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ახალ საცხოვრებელ კომპლექსებს გაცილებით დიდი და კეთილმოწყობილი ეზოები და კომფორტული ინფრასტრუქტურა აქვთ, ამიტომ მომხმარებლები მშენებარე და ახალაშენებულ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც სამშენებლო სექტორის სწრაფ განვითარებაზეც აისახება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა