მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში აღარ არის
21 სექტემბრის მდგომარეობით, ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მსოფლიოს 500 მილიარდერს შორის აღარ არის.
აღნიშნული ლომთაძის კომპანიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასა და აქციების ფასის შემცირებას უკავშირდება. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ Culper Research-მა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ფინტექს „ამერიკელი ინვესტორები და მარეგულირებლები სისტემურად შეჰყავდა შეცდომაში“.
ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა მიხეილ ლომთაძე და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Culper Research-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „არაზუსტი“ და მიზნად ისახავს „ინვესტორების დაბნევას“.
Culper Research-ის კვლევის გავრცელების შემდეგ, 19 სექტემბერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ლომთაძის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 20%-ით დაეცა. Forbes-ის მონაცემების მიხედვით, ამჟამად ლომთაძის ქონება 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 581-ე ადგილზეა.
ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. შემდეგ თვეში ლომთაძის ქონება შემცირდა და შესაბამისად, რეიტინგს რამდენიმე თვის განმავლობაში „გაეთიშა“.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის დასაწყისში Bloomberg-ის თანახმად ლომთაძის ქონება 5.05 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, ივლისში კი 7.02 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
ბიზნესპრესნიუსი