ჩვენი გამარჯვებიდან ერთ თვეში, განულდება საპენსიო სესხები, პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება და პენსიონერებს საჭირო მედიკამენტებზე ექნებათ უფასო წვდომა - გიორგი ვაშაძე
პენსიონერებისთვის, ასაკით პენსიონერებისთვის, შშმ პირებისთვის და ვეტერანებისთვის სამი ძალიან კონკრეტული ინიციატივა გვაქვს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, სამი ინიციატივიდან ერთ-ერთს პენსიონერებისთვის საჭირო მედიკამენტებზე უფასო წვდომა წარმოადგენს.
„პენსიონერებისთვის, ასაკით პენსიონერებისთვის და შშმ პირებისთვის და ვეტერანებისთვის სამი ძალიან კონკრეტული ინიციატივა გვაქვს.
პირველი, ეს არის 1000 ლარიანი პენსია თითოეული ამ ჯგუფის წარმომადგენლებს. მეორე, ეს არის საპენსიო სესხის განულება პირველ დეკემბრამდე, ანუ ჩვენი გამარჯვებიდან ერთ თვეში, პირველ დეკემბერს, აღარ იარსებებს საპენსიო სესხი. თქვენ ყველას გაგინულდებათ საპენსიო სესხი და აღარ მოგიწევთ ყოველთვიურად სესხის პროცენტის გადახდა. ასევე, ყველა მედიკამენტზე, რომელიც თქვენ გჭირდებათ, გექნებათ უფასო წვდომა“, - განაცხადა ვაშაძემ.