გამოსავალი ერთია: არც ბიძინა და არც მიშა - ზვიად ძიძიგური
12 წლის წინ „ქართული ოცნება“ არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები აღიაროს - დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყნის მთავრობა, პარლამენტი და საგამოძიებო უწყებები ანგარიშვალდებულები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე.
„დღეს 1-ელი ოქტომბერია. 12 წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ავტორიტარულ რეჟიმს და ერთპიროვნულ მმართველობას. 12 წლის შემდეგ სახეზე გვაქვს შემდეგი: საქართველოს პარლამენტი ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის, არამედ ერთი კაცის წინაშე - ბიძინა ივანიშვილის წინაშე; საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია არა საქართველოს პარლამენტის და ქართველი ხალხის წინაშე, არამედ ერთი კაცის - ბიძინა ივანიშვილის წინაშე; საქართველოს სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა ანგარიშვალდებულია არა კანონის წინაშე, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამისთვის არ მოსულა. არ მოსულა იმისთვის, რომ მაშინ უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაეხლიჩა, დაეყო თავისიანებად და მტრებად. არ მოსულა იმისთვის, რომ პოლიტიკაში მთავარ საკომუნიკაციო ენად სიძულვილის ენა ყოფილიყო; არ მოსულა იმისთვის, რომ 2008 წლის პლებისციტზე ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების რევიზია მომხდარიყო. არ მოსულა იმიტომ, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი საკითხი ასევე, გადახედილი ყოფილიყო. არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში, აღიაროს ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები. არ მოსულა ხელისუფლებაში იმიტომ, რომ არაღიარების პოლიტიკა დაეყენებინა დარტყმის ქვეშ. არ მოსულა იმიტომ, რომ მათი ჩინოვნიკების ზღვარგადასულ უზნეობაზე და სიხარბეზე ეყურებინა ქართულ მოსახლეობას. არ მოსულა იმიტომ, რომ ათიათასობით ადამიანი უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდის გამო წასულიყო ემიგრაციაში საკუთარი სამშობლოდან. ჩვენ დღეს, 12 წლის შემდეგ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ. ეს არის მთავარი პრობლემა, საიდანაც ერთი გამოსავალია. ესაა ამომრჩეველი, პირობითი სახელწოდებით - არც ბიძინა და არც მიშა, მაქსიმალურად მივიდეს არჩევნებზე. ქუდზე კაცი 26-ში, არც ბიძინას და არც მიშას. ეს არის გამარჯვების ფორმულა“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
გარდა ამისა, ძიძიგური გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პარტიის 12-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ივანიშვილს „სადღეგრძელოები აქვს ჩამოწერილი“.
„სადღეგრძელოები აქვს ჩამოწერილი ბიძინა ივანიშვილს პირველი ოქტომბრის მილოცვაში თუ განცხადებაში. უნდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პასუხი გაგვცეს მთავარ კითხვებზე. რას უპირებს საქართველოს, რატომ გადახედა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებას და რატომ მიგვაქანებს რუსეთისკენ? რატომ ხატია მის საარჩევნო ლოგოზე ევროკავშირის ლოგო და არა რუსეთის დროშა? ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები და ამაზე პასუხის გაცემა ყველაზე მეტად უპრიანი იქნებოდა. საერთოდ, იქ, თავის ლოგოზე რუსეთის დროშა რომ დაეხატა, გაცილებით უფრო პატიოსანი საქციელი იქნებოდა, ვიდრე ის, რასაც ახლა აკეთებენ“, - განაცხადა ძიძიგურმა.