თეგებით ძიება

საბჭოთა ბინების 5 უცნაურობა - ის, რაც ახალ თაობას აოცებს

სსრკ-ის ხელისუფლებას მიჩნდა, რომ ყველა საბჭოთა ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი უნდა ჰქონოდა, ამიტომ მშენებლობას აჩქარებდა. საბოლოოდ, საქმის ნაჩქარევი კეთება შედეგზე აისახა და საცხოვრებელი სახლები პანელის ან  აგურის ყუთებს დაემსგავსნენ. გარდა ამისა, საბჭოთა შენობებს რამდენიმე უცნაურობა ჰქონდათ, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდებს აოცებს: 

1. ფანჯარა ტუალეტსა და სამზარეულოს შორის

ასეთ ფანჯარას ბევრ საბჭოთა ბინაში ნახავდით, თუმცა მისი დანიშნულების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. 

არსებობს მოსაზრება, რომ ასეთმა ფანჯრებმა შეიძლება ბუნებრივი აირის გაჟონვის დროს სახლი დანგრევისგან იხსნას - დარტყმის ტალღა ფანჯარას გაივლის, კედელი კი უვნებელი დარჩება. თუმცა, ეს უფრო მითია, ვიდრე რეალობა. თხელი შიდა კედლები ძლიერ აფეთქებას ვერ გაუძლებს მიუხედავად იმისა, არის თუ არა ფანჯარა სამზარეულოსა და აბაზანას შორის.

მეორე მოსაზრება ფსიქოლოგიურ კომფორტს უკავშირდება (ყველას არ მოსწონს ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა), თუმცა ეს ვერსიაც ნაკლებად დამაჯერებელია - საეჭვოა, რომ საბჭოთა არქიტექტორებს, რომლებიც სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობდნენ, ასეთი საკითხები აღელვებდათ. 

ერთ-ერთი მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ვერსია ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. გასული საუკუნის დასაწყისსა და შუა წლებში ეს დაავადება იმდენად გავრცელებული იყო, რომ საავადმყოფოებს პაციენტებისთვის ადგილი არ ჰყოფნიდათ. ისეთი ბნელი და ნესტიანი ოთახი, როგორიც ტუალეტია, კოხის ბაცილის გავრცელებისთვის იდეალურ გარემოს ქმნიდა, ფანჯრიდან შემოსული ულტრაიისფერი სხივები კი შესანიშნავი იარაღი იყო ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილის წინააღმდეგ.

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ფანჯარა დამატებით ვენტილაციას უზრუნველყოფდა, რაც ხელს უშლიდა ნესტის და ობის სოკოს გაჩენას. 

და ბოლოს, ფანჯარა სინათლის დამატებითი წყარო იყო, რაც საბჭოთა პერიოდში, ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. 

2. ნიშა სამზარეულოში, ფანჯრის ქვეშ

ეს საბჭოთა საცხოვრებლის კიდევ ერთი უცნაურობაა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ნიშა დამატებითი რადიატორის დასაყენებლად შეიქმნა, მაგრამ ასე არ არის. სინამდვილეში, საბჭოთა პერიოდში ეს ნიშა დამატებითი... მაცივრისთვის შეიქმნა.

ყველამ იცის, რომ ხრუშჩოვის ეპოქის საცხოვრებელ სახლებს ძალიან პატარა სამზარეულოები აქვთ, სადაც დიდი ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამონტაჟება შეუძლებელია.  გარდა ამისა, იყო დრო, როდესაც სსრკ-ში მაცივარი დეფიციტურ საქონლად ითვლებოდა, ამიტომ პროდუქტების გასაცივებლად ალტერნატიული საშუალება შეიქმნა. 

ზამთარში დიასახლისები ასეთ „მაცივარში“ ხორცს, კარაქს, სოსისებს და სხვა პროდუქტებს ინახავდნენ. 

3. ანტრესოლი დერეფანში

იმის გამო, რომ „ხრუშოვკებში“ პატარა სივრცე და შესანახი ადგილის დეფიციტი იყო, მშენებლები ასეთ ხრიკებს მიმართავდნენ.

ანტრესოლი კეთდებოდა სამზარეულოსა და დერეფანს შორის არსებულ სივრცეში, სადაც დიასახლისები დიდი ზომის ქვაბებსა და ჯამებს, სპორტულ ინვენტარს, ნაძვის ხის სათამაშოებს, სეზონურ ტანსაცმელს და სხვა ნივთებს ინახავდნენ. 

4. სანახევროდ შეღებილი კედლები

შეიძლება იფიქროთ, რომ სადარბაზოების კედლების სანახევროდ შეღებვა ძვირადღირებული საღებავების დაზოგვისთვის გაკეთდა, მაგრამ ამის გარდა, სხვა მიზეზიც არსებობდა. საქმე ისაა, რომ ზეთის საღებავი კედლებს „სუნთქვის“ საშუალებას არ აძლევს, ამიტომ მთლიანად შეღებვის შემთხვევაში ობის სოკო გაჩნდებოდა. ნაწილობრივი შეღებვით ეს პროცესი შენელდა. 

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კიდევ ერთი მიზეზი ესთეტიკურია. ღია ფერის ზედა ნაწილი ჭერს ვიზუალურად ამაღლებდა და სადარბაზოს უფრო ვრცელს აჩენდა. სხვათა შორის, კედლების შეღებვის ამ ხერხმა ხანძრების დროს ბევრი სიცოცხლე იხსნა - კვამლით სავსე სადარბაზოში, თეთრი და მუქი საღებავების შეერთების ადგილი  ადამიანებს ორიენტირებაში და გასასვლელის სწრაფად პოვნაში ეხმარებოდა. 

5. ღია აივნები

საბჭოთა პერიოდში აივნების უმეტესობა ღია იყო.  ამას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა - ჯერ ერთი, ხანძრის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ადამიანების აივნიდან გამოყვანა,  თანაც ღია აივანზე მოწევა შეიძლებოდა, რომ კვამლი ოთახში არ შესულიყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა