თუ ისრაელში ომის ახლანდელი მასშტაბი შენარჩუნდა, ჩვენზე ნაკლები გავლენა ექნება, თუ მასშტაბები გაიზარდა, მაშინ მთელს რეგიონს შეეხება, მათ შორის ჩვენც - ბატიაშვილი
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რა მასშტაბები ექნება ამ კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში. თუ ახლანდელი მასშტაბი შენარჩუნდა, ჩვენზე ნაკლები გავლენა ექნება. თუ გაიზარდა მასშტაბები, თუ ამან დიდი რეგიონული ომის სახე მიიღო, მაშინ მთელს რეგიონს შეეხება, მათ შორის ჩვენც, იმიტომ, რომ ახლო აღმოსავლეთი ჩვენს უშუალო სამეზობლოში მდებარეობს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურაბ ბატიაშვილმა ისრაელ-ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით აღნიშნა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ დიდი რეგიონული ომი იქნება, ამას შეიძლება მოჰყვეს ლტოლვილთა ნაკადები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.
“კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში ახალი არაა. თუმცა ამ მომენტისთვის, ამ კონფრონტაციის, სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა გაზრდილია. ეს ყველაფერი დაიწყო დაახლოებით 1 წლის წინ, 7 ოქტომბერს. ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისას, რასაც შემდგომში მოჰყვა ისრაელის საპასუხო ოპერაცია. ყველასთვის ცხადი იყო, რომ ეს მხოლოდ ამ გეოგრაფიით არ შემოიფარგლებოდა. ისრაელის ჩრდილოეთი ნაწილის დაბომბვას ჯერ ისრაელმა პეიჯერების აფეთქებით, შემდეგ კი „ჰეზბოლას“ ლიდერების ფიზიკური განადგურებით უპასუხა. მათ შორის იყო ის, ვინც რეგიონში ირანის მთავარ მოკავშირედ მიიჩნეოდა. ირანს ახლა სჭირდებოდა საპასუხო ოპერაციის ჩატარება, რომელიც დავინახეთ სარაკეტო შეტევის შედეგად. თუმცა არც ისრაელი გაჩერდება. ისრაელს მიაჩნია, რომ თუ იგი საპასუხო ნაბიჯებს არ გადადგმას, ეს იქნება აღქმული, როგორც სისუსტე და შემდგომში სხვებს წაახალისებს ისრაელზე თავდასხმებისთვის. ამიტომ ახლა მოსალოდნელია ისრაელის საჰაერო შეტევა ირანზე. ეს შეიძლება იყოს როგორც სამხედრო ობიექტები, სამხედრო ქარხნები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის ბირთვული პროგრამაც. უახლოეს ხანში გამოჩნდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ამ ყველაფერს რა შეიძლება მოჰყვეს, დამოკიდებულია იმაზე, რა მასშტაბის იქნება საბრძოლო მოქმედებები. თუ დიდი რეგიონული ომი იქნება, ამას შეიძლება მოჰყვეს ლტოლვილთა ნაკადები და ის შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით დაიძრას. თავად ფაქტი, რომ ისრაელს დაესხნენ თავს, არ დარჩება უპასუხოდ. ახლა ირანი ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიიღოს და სხვადასხვა არხებით ცდილობს აცნობოს, მათ შორის ისრაელს, რომ ეს იყოს შედარებით ნაკლები ზარალის მქონე შეტევა ირანზე. საერთო ჯამში, აქ გადაწყვეტილებას იღებს ისრაელის ხელმძღვანელობა, რომელიც არის ძალიან აქტიური. მას ხელში აქვს აღებული ინიციატივა, არის პროაქტიული, არ ელოდება ვინმესგან თანხმობას, სხვა აქტორების პოზიციებს, თვითონ განსაზღვრავს ზომას, წონას და დროს ამ შეტევებისას. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. კონფლიქტი არაპროგნოზირებულ სიტუაციაში გადავიდა. შესაძლოა, მხარეებს არც ჰქონდეთ დიდი სურვილი მასშტაბების გაზრდის, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, რომ თავისით ხდება ესკალაცია. იმიტომ, რომ პასუხს პასუხი მოსდევს, მერე პასუხი და ამას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რა მასშტაბები ექნება ყველაფერ ამას. თუ ახლანდელი მასშტაბი შენარჩუნდა, ჩვენზე ნაკლები გავლენა ექნება, თუ გაიზარდა მასშტაბები, თუ ამან დიდი რეგიონული ომის სახე მიიღო, ამაზე გადაჭრით ვერავინ იტყვის, მაშინ, რა თქმა უნდა, მთელ რეგიონს შეეხება, მათ შორის ჩვენც, იმიტომ, რომ ახლო აღმოსავლეთი ჩვენს უშუალო სამეზობლოში მდებარეობს”, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.