"ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთანაც" - პრემიერი
პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება „უნდა დალაგდეს“ ყველასთან, მათ შორის „გლობალურ ომის პარტიასთან“, რაც მოხდება აშშ-სა და საქართველოში არჩევნების დასრულებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ.
კობახიძე ისევ არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობენ ტერმინში „გლობალური ომის პარტია“.
„ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთანაც, მას შემდეგ რაც შეიცვლება ინტერესები, ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად, მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, მას შემდეგ რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან. […] ჩვენ ზუსტად ვიცით, რა და როგორ უნდა დავალაგოთ მომავალი წლის დასაწყისიდან“, – ამბობს კობახიძე.
მას ჰკითხეს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში გასულ წელს ვიზიტზე, რომელიც კობახიძისგან განსხვავებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა:
„სალივანთან იყო შეხვედრა, თუმცა, სამწუხაროდ, იმ შეხვედრამ არ მოიტანა თვისებრივი ცვლილებები პოლიტიკაში და თვისებრივ ცვლილებებში ვგულისხმობთ რას, გაგრძელდა ჩვეულებრივი რადიკალური დღის წესრიგი, მაპოლარიზებელი დღის წესრიგი იმ სუბიექტების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან ამერიკელი ხალხის თანხებიდან, ჩვენ ასეთ ცვლილებებს ველოდებით“