როგორ გამოიყურება უძრავი ქონების ბაზარი ციფრებში - უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა
უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს. მცირე სტაგნაციური ფაზის შემდეგ მოთხოვნა კვლავ მაღალია და ფასებიც სტაბილურად განაგრძნობს ზრდას. უკანასკნელ კვარტალში ბაზრის ტენდენციებზე დიდ გავლენას ახდენს მიგრანტების ეფექტი და ტურისტების შემოდინება .
სექტორი მიმზიდველობას ინარჩუნებს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, მაგალითად, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში უძრავი ქონების სექტორში 47 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი ჩაიდო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კაპიტალდაბანდება 143%-ით არის გაზრდილი, მთლიანობაში კი იანვარ-ივნისში სექტორმა 66.5 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია მოიზიდა.
საქსტატზე დაყრდნობით, იზრდება მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობაც (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტი). შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 5 594 ნებართვაა გაცემული (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტი). ნებართვების თითქმის 48% კვლავინდებურად დედაქალაქზე მოდის. ნებართვების ყველაზე დიდი წილი მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე მოდის.