რა დაგიჯდებათ კერძო სახლის აშენება თბილისში?
თბილისში ყოველდღიურად ახალი მრავალსართულიანი კორპუსები შენდება. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა დაახლოებით 2/3 ბინებში ცხოვრობს, ბევრი ადამიანი უპირატესობას კერძო სახლს ანიჭებს. კერძო სახლის უპირატესობები ცნობილია: მეტი სივრცე, ინდივიდუალიზმი, ეზოს არსებობა და ა.შ. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ სახლის აშენება უფრო ბიუჯეტურია ვიდრე ბინის ყიდვა. რეალურად ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუ სად გსურთ აშენება და როგორ გინდათ მოაწყოთ. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთს უკვე ფლობთ სახლის მშენებლობის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. გთავაზობთ ხარჯებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სახლის აშენებამდე:
მიწის ნაკვეთი
სახლის ასაშენებლად ყველაზე დიდი მოთხოვნდა 250-500 კვ.მ. ფართის მიწებზეა. ფასი დედაქალაქის მასშტაბით განსხვავებულია: დიდ დიღომში, გლდანსა და მუხიანში 1 კვ.მ. საშუალოდ 120-150 დოლარი ღირს. 250 დოლარი ღირს 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყნეთში, ხოლო ფართო ცენტრსა და ცენტრში ხშირად ფასი 400-500 დოლარს აღემატება. აქედან გამომდინარე, მაგალითად თბილისის გარეუბანში 350 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შეძენა დაახლოებით 45,000 აშშ დოლარი დაგიჯდებათ.
მშენებლობა და რემონტი
ფასები განსხვავდება იმის მიხედვით, სახლს თქვენი ძალებით აშენებთ თუ კომპანიას უკვეთავთ. კომპანიები, როგორც წესი სწრაფ მომსახურებას გთავაზობენ (პროექტის შექმნიდან დაწყებული მშენებლობით დასრულებული), როგორც წესი 2 სართულიანი 100-150 კვ.მ. ფართის სახლის აშენებას 6-9 თვე სჭირდება. რემონტის ფასები 1 კვ.მ.-ზე შავი კარკასის კონდინციით 180-250 დოლარია, თეთრის შემთხვევაში 300-დან 400 დოლარამდე.
საბოლოოდ, თუ ავიღებთ გარეუბანში 350 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 120 კვ.მ. ფართის სახლის ხარჯებს თეთრი კარკასის მდგომარეობით, დაახლოებით 85,000 აშშ დოლარი გამოვა. ამას დაემატება შემდგომში სახლის რემონტისა და ავეჯის ხარჯები, რაც 100,000 დოლარს გადააჭარბებს.