ფასები გაიზარდა, გაყიდვები კი შემცირდა - როგორია სტატისტიკა?
მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში 3 133 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. „თბს კაპიტალის“ უძრავი ქონების კვლევის თანახმად, გაყიდვები წლიურად 5%-ით, ხოლო თვიურად 9%-ით არის შემცირებული.
ამავე მონაცემების თანახმად, აგვისტოში დედაქალაქში უფრო მეტი ძველი ბინა გაიყიდა, ვიდრე ახალი. უფრო კონკრეტულად, გაყიდული ახალი ბინების რაოდენობამ 625, ხოლო ძველი ბინების რაოდენობამ 2 508 შეადგინა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ აგვისტოში გაყიდული ახალი ბინების რაოდენობა წლიურად 2%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი გაყიდვები 5%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 15.4%-ით, ძველი ბინებისთვის კი 4.3%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ფასებს, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 კვ.მ-სთვის აგვისტოში 1 265 დოლარი, ხოლო ახალი ბინის ფასი 1 094 დოლარი იყო.