წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური პროდუქცია შემოვიდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ
საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. თუმცა, მხოლოდ რეკორდული იმპორტის ხარჯზე, რადგან საქართველოდან ექსპორტი შემცირებულია.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ქვეყნებს შორის 1.427 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1.258 მლრდ აშშ დოლარის.
ამასთან, წელს 9 თვეში საქართველოდან ჩინეთში 233.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიგზავნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 267.4 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება იმპორტს, წელს 9 თვეში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან საქართველომ 1.194 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (საგარეო ვაჭრობის პორტალზე ეს მონაცემი ხელმისაწვდომი 2009 წლიდან არის). შედარებისთვის, 2023 წლის 9 თვეში იმპორტმა 991.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 830.2 მლნ აშშ დოლარი, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში - 600.1 მლნ აშშ დოლარი და ა.შ.
გთავაზობთ, იმ პროდუქტების ხუთეულს, რომელიც წელს, საანგარიშო პერიოდში, ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ ჩინეთში.
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 40.316 მლნ აშშ დოლარი
ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 39.970 მლნ აშშ დოლარი
სატვირთო ავტომობილები - 38.356 მლნ აშშ დოლარი
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 34.836 მლნ აშშ დოლარი
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 34.678 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 144.068 მლნ აშშ დოლარი
კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 25.520 მლნ აშშ დოლარი
მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 23.905 მლნ აშშ დოლარი
ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 18.131 მლნ აშშ დოლარი
ყურძნის ნატურალური ღვინოები - 6.610 მლნ აშშ დოლარი
წყარო: bpn.ge