"ერთ-ერთი ყველაზე უხარისხო მსოფლიოში" - როგორ ფასდება დღეს საბჭოთა დროს აშენებული კორპუსები?
თბილისში მრავალი ასეული კორპუსია, რომელიც საბჭოთა დროს აშენდა (ყველაზე მეტი 1971-1980 წწ.-ში). საბჭოთა სამშენებლო ისტორია შეგვიძლია ორად გავყოთ: სტალინური (1930-1950-იანები) და სტალინის შემდგომი მოდერნისტული/ბრუტალური (1950-1980-იანები). მასობრივი სოციალური საბიანო მშენებლობები იწარმოებოდა მაქსიმალურად იაფად და მოკლე ვადებში. სტანდარტული კორპუსების სერიები მოსკოვის მიერ მტკიცდებოდა.
თანამედროვე არქიტექტორებისა და ურბანისტების დიდი ნაწილის შეფასებით სოციალისტური მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე უხარისხოა მსოფლიოში. ამ დროს გათვლა იყო მხოლოდ მასობრიობაზე, ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფილი იყო საერთაშორისო სტანდარტები (სოციალისტური ქვეყნების კარჩაკეტილი პოლიტიკის გამო), ინჟინრებსა და არქიტექტორებს აკლდათ პროგრესული განათლება. საბჭოთა სტანდარტები ზღუდავდა პროგრესულ იდეებს, მხოლოდ იშვიათად მთავარ ქალაქებში "გამოიბრწყინებდა" ორიგინალური შენობები (მაგ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა).
უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის მშენებლობა მოსკოვში 1950-იან წლებში (იმ დროში უმაღლესი 36 სართულიანი შენობა)
საბჭოთა ქალაქების დაგეგმარება სტანდარტულად ხდებოდა. ურბანული არქიტექტურა ცივი და ერთფეროვანი იყო. მოქალაქეები წლობით იდგნენ რიგში რათა ბინები მიეღოთ, რომელთაც "ასანთის კოლოფებს" ადარებდნენ ფორმისა და ბინების სიმცირის გამო.
დღეს თბილისში საბჭოთა დროს აშენებული კორპუსების უმეტესობა ამორტიზებული და სახიფათოა. შენობები მზა პანელის ბლოკებით, ასაწყობი კონსტრუქციების გამოყენებითაა აშენებული. თბილისის ლანდშაფტისა და სეისმურობის მიმართ კორპუსები მოწყვლადია. სავარაუდოა, რომ მათი მაქსიმალური გამძლეობა 6 მაგნიტუდას არ აღემატება (1990 წლამდე შენობათა უმეტესობა 7 ბალზე იყო გათვლილი). თბოიზოლაცია, ჰიდროიზოლაცია და ლიფტების უსაფრთხოება კორპუსების უმეტესობაში დარღვეულია.