ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა
სამმაგ მკვლელობაში ბრალდებულ პირს თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა. გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მიიღო. 39 წლის ზვიად ზურაბაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ცოლის, ფიქრია ტუგულაშვილისა და 2 მეგობრის განზრახ მკვლელობას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა ის გარემოებები ახსნა, რის გამოც ბრალდებული პირისთვის პატიმრობის გაგრძელება მოითხოვა. შუამდგომლობა არ დაუყენებია ზურაბაშვილის ადვოკატს, რომელმაც სასამართლოს სრულად მიანდო გადაწყვეტილების მიღება. იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება, სხდომას არ ესწრებოდა. მისი უფლებადამცველის თქმით კი ის დუმილის უფლებას იყენებს. სხდომას მოკლული ქალის დედა და ნათესავები ესწრებოდნენ. ისინი ზურაბაშვილისათვის უმაღლეს სასჯელს მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 28 აგვისტოს მოხდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.