„საფრთხის მოლოდინი ჰქონდა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა..." - ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები
ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ სამი პირის საქმის პროკურორი მომხდარის დეტალებზე საუბრობს. სასამართლო პროცესიდან, გრიგოლ ბიბილაშვილის სიტყვას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
პროკურორის გაცხადებით ირკვევა, რომ მომხდარის მოტივი გასული წლის სექტემბერში მომხდარი დაპირისპირებაა. პროკურორის თქმითვე, შემთხვევის დღეს, იოსებ ბალარჯიშვილის [მკვლელობაში ბრალდებული] გარდა, თანმხლები პირები მოკლულ ტატო ფირცხალაიშვილსაც ჰყავდა. შესაბამისად, მათ დასადგენად და დასაკავებლად, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„შემთხვევა 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ბრალდებული მეგობრებთან ერთად, „ლენდ როვერის“ ავტომანქანით ტატო ფირცხალაიშვილთან შესახვედრად მივიდა. ბალარჯიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ფირცხალაიშვილს გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. დაპირისპირებას წინარე პირობები უძღოდა, ფირცხალაიშვილს მოლოდინი ჰქონდა, რომ საფრთხე არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, ერთი ტყვია გულ-მკერდის და მეორე წელის არეში მოხვდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
სროლის შედეგად ავტომანქანებიც დაზიანდა.
ბრალდებულებმა ავტომანქანა შემთხვევის ადგილზე დატოვეს, ავტომანქანიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
არაფერი ხდება მოტივისა და მიზეზის გარეშე. ვარაუდის დონეზე მონაცემებია, რომ გასული წლის სექტემბერში, იოსებ ბალარჯიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. არის ინფორმაცია, რომ ბალარჯიშვილის დაჭრასთან დაკავშირებით გარდაცვლილს ინფორმაცია გააჩნდა. ეს გამოძიების მიერ მოწმდება და აღნიშნული გარემოების სრულყოფილი გადამოწმება მოხდება.
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბალარჯიშვილმა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, რაც განზრახ უქმნიდა სხვათა სიცოცხლეს საფრთხეს. არსებობს ვარაუდი, რომ მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა იარაღი და ატარებდა.
ორმხრივი სროლა იყო, დაიჭრა თავად ბალარჯიშვილიც მარცხენა ფეხის მხარეს.
გამოძიების მონაცემებით, მეორე მხარეს სხვა პირებიც იყვენ, რომელთა დადგენისა თუ დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ბიბილეიშვილმა.
მისივე განმარტებით, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა დანაშაულის შესახებ იცოდნენ და შემთხვევის ადგილზე ყოფნას უარყოფენ, თუმცა ეს მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება.
სახელმწიფო ბრალდება ოთხივე ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.
როგორც პროკურორის შუამდგომლობიდან გაირკვა, დაკავებული პირებიდან ყველა ნასამართლევია.
მათ შორის, დავით მაჭარაშვილი - განზრახ მკვლელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და ცივი იარაღის ტარებისთვისაა ნასამართლევი.
ჯემალ ფირანიშვილი ძარცვისა და ნარკოტიკული დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. გიორგი ბუბუტეიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის საქმეზეა ნასამართლევი.
მკვლელობა 20 ოქტომბერს თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცველებმა ოთხი ბრალდებული 21 ოქტომბერს დააკავეს.
27 წლის ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იოსებ ბალარჯიშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო სამ დაკავებულს დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე - 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა მათთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.