თბილისში ახალი ბინების გაყიდვები გაიზარდა, ძველის კი შემცირდა - კვლევა
მესამე კვარტალი თბილისში 10,377 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად და 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ივლის-სექტემბერში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 14%-ით, 718 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
ორგანიზაცია Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მესამე კვარტალის მიმოხილვის მიხედვით, თბილისში ახალი პროექტების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. ძველ პროექტებში კი 11%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ღირებულებას, ბინების საშუალო შეწონილი ფასი ახალ პროექტებში 2024 წლის მესამე კვარტალში გარეუბანში 9%-ით და ქალაქის ცენტრში 8%-ით გაიზარდა. ფართო ცენტრში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ძველი ბინების შემთხვევაში მესამე კვარტალში თბილისში შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 9%-ით, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 12%-ით და 8%-ით გაიზარდა.
სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 8%-ით გაიზარდა, ხოლო 10%-ით ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 1%-იანი კლება დაფიქსირდა.