თეგებით ძიება

„სახლი-მაქმანი“ - შენობა რუსთაველის გამზირზე, რომელიც ბევრ თბილისელს არც კი უნახავს (ფოტოები)

ცისფერი მაქმანებიანი სახლი - განუმეორებელი არქიტექტურის ეს უნიკალური შენობა, რომლის მსგავსს მთელ თბილისსში ვერ ნახავთ, ბევრ თბილისელს არც კი უნახავს. არადა, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის 54-ში მეცნიერებათა აკადემიის ეზოში მდებარეობს. არც შენობის ისტორია იცის ბევრმა.

სახლი, პირველ რიგში მნახველის ყურადღებას ბაროკოსა და როკოკოს სტილში წარმოდგენილი გარე ფასადითა და ულამაზესი ხის ჭვირული აივნით იპყრობს, რომელიც იმდენად დახვეწილი და ფაქიზი ნამუშევარია, რომ მაქმანს მოგვაგონებს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას “სახლ-მაქმანს”.  სახლი კულტურულ ძეგლთა ნუსხაშია შესული.

სახლი 1897 წელს, ცნობილი რუსი არქიტექტორის, კორნელი ტატიშჩევის პროექტით აშენდა (რომელიც საქართველოში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. ალექსანდრე შიმკევიჩთან ერთად მას ეკუთვნის თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობა, მათ შორის რუსთაველის თეატრის ფასადი). 

სახლის მეპატრონე გახლდათ იურისტი ვასილ გაბაშვილი, რომელიც დიდძალი ქონების პატრონი იყო. იგი რუსეთში ოქროს საბადოებს, ხოლო საქართველოში ტფილისს გარეთ (ამჟამინდელი საბურთალოს ტერიტორიაზე) მიწის ნაკვეთებს ფლობდა.

ქვეყანაში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს, რომ ერთი გვარის წარმომადგენლებს ზედმეტად ბევრი ქონება ჰქონდათ, ამიტომ გაბაშვილის ოჯახს ნაწილი ქონება ჩამოართვეს, ნაწილი კი, უბრალოდ, დაანგრიეს. ამის შემდეგ ოჯახი საბოლოოდ ცისფერ მაქმანებიან სახლში დასახლდა, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ გაბაშვილების დიდ ოჯახს ამ სახლში სხვებიც შეუსახლა და მათი საცხოვრებელი კომუნალურ სახლად იქცა.

გავიდა წლები და ბოლშევიკებმა გაბაშვილებს საკუთარ სახლში ორი ოთახი დაუბრუნეს… თუმცა დაუბრუნეს არა გაბაშვილებს, არამედ ცნობილ და დამსახურებულ ექიმს, პროფესორ ნიკოლოზ ყიფშიძეს, რომელიც ვასილ გაბაშვილის ერთ-ერთი ქალიშვილის, დაროს მეორე ნახევარი იყო. სწორედ მისი განსაკუთრებული მდგომარეობის წყალობით მოხდა, რომ ამ ოჯახს რეპრესიები არ შეეხო. სახლში დღემდე ცხოვრობენ მისი მემკვიდრეები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა