საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სცემეს, ქალი კლინიკაშია გადაყვანილი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, მმართველი გუნდის მიერ დაქირავებული პირები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს დაესხნენ თავს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც პარტიაში აცხადებენ, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აწყობდნენ პროვოკაციებს:
„მას შემდეგ, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა - ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წარმომადგენელს. მარიამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში. ეს ჩვენს წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მთელი დღეა, წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის ტიტუშკები ფიზიკურად უსწორდებიან “ერთიანობის” წევრებს“, - წერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
26 ოქტომბერს საქართველოში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.