თბილისში მაისში 3 787 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა - როგორ შეიცვალა ფასები
2026 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 787 ერთეული შეადგინა და გასული წლის მაისთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვაში.
კვლევის მიხედვით, მაისში დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 32.4%-ით გაიზარდა და 334 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება ფასებს, მაისში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 291 დოლარს გაუტოლდა.
როგორ შეიცვალა ძველი და ახალი ბინების ფასი თბილისში?
„2026 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მაისთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 10.6%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 29.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ქალაქის ცენტრში ფასებმა ძირითადად პირველადი ბაზრის ხარჯზე მოიმატა, რადგან ერთდროულად დარეგისტრირდა რამდენიმე ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციები. ხოლო, მეორეულ ბაზარზე ქალაქის ცენტრში 11.5%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 14.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.5%-ით გაიზარდა.
2026 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მაისთან შედარებით ქალაქის ცენტრში 23.5%-ით, ფართო ცენტრში 3%-ით, ხოლო გარეუბანში 11.6%-ით გაიზარდა.
ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 16%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრში ფასების მნიშვნელოვანი ზრდაზე გავლენას ახდენს დარეგისტრირებული ტრანზაქციების მცირე რაოდენობა“, - ვკითხულობთ „ქოლიერსის“ კვლევაში.