ორბელიანების სასახლის ისტორია - მარტოსული პოეტის საცხოვრებლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე (ფოტოები)
ათონელის #25-ში მდებარე ისტორიულ შენობას, სადაც დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული, თბილისელები დღემდე ორბელიანების სასახლეს უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ორბელიანების ისტორიული შენობა ფიზიკურად აღარ არსებობს...
სახელწოდება - ორბელიანების სასახლე - იქიდან მომდინარეობს, რომ სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ამ ადგილზე იდგა სასახლე, რომელიც თეიმურაზ II-ს თავისი სიძის, დიმიტრი ორბელიანისთვის უჩუქებია. ეს სახლი მაშინდელი არისტოკრატიის შეკრების ადგილი ყოფილა, სადაც იმ პერიოდის საქართველოს ყველა გამორჩეული მოღვაწე სტუმრობდა. შენობის სარდაფი სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა, პირველი სართული – სტუმრების მისაღებად, ბოლო სართულზე კი ოჯახის საძინებლები და სამუშაო კაბინეტი იყო მოწყობილი.
ორბელიანები დიდგვაროვანი თავადები იყვნენ, რომლებიც გარკვეული პრივილეგიებითა და სტატუსით სარგებლობდნენ საქართველოში...
სასახლის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით. ვიცით ის, რომ სასახლე მდებარეობდა გარეუბანში (ვახუშტი ბატონიშვილის თბილისის რუკის მიხედვით XVIII ს.) და რომ სასახლის ერთ-ერთი ბოლო მოსახლე იყო პოეტი გრიგოლ ორბელიანი - მარტოსული, უცოლ-შვილოდ დარჩენილი რომანტიკოსი პოეტი და სამხედრო მოღვაწე, რომლის გარდაცვალებითაც შეწყდა ორბელიანების - ამ ბრწყინვალე შტოს ნათესაური კავშირი საქართველოს სამეფო ოჯახთან.
XIX საუკუნის მიწურულს თავდაპირველი სასახლე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და დაინგრა, 1880-იან წლებში კი მის ადგილზე დღეს არსებული სასახლე აშენდა, რომელიც გრიგოლ ორბელიანის ძმისწულს, თავად გიორგი ილიას ძე ჯამბაკურ-ორბელიანს აუშენებია. ამ სახლის ნახაზები საქართველოს ეროვნულ საისტორიო არქივში ინახებოდა, სადაც ასევე იყო დაცული ორბელიანების სანათესაოს საცხოვრებელი სახლების პროექტები ამ სასახლის მიმდებარედ. საქართველოს რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სასახლე ორბელიანების ოჯახს ჩამოერთვა და მასში უცხოეთთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის ქართული საზოგადოება (ე.წ. ГОДИКС) ფუნქციონირებდა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე იარსება. 90-იან წლებში შენობაში აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შემდეგ მასში სამუშაოდ გადავიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფისი.
მე-20 საუკუნეში სასახლეს სამჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, თუმცა მხოლოდ ბოლო რეკონსტრუქციისას აღდგა მისი პირვანდელი სახე.
2018 წლიდან ორბელიანების განახლებულ სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული. სასახლე პერიოდულად, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ღიაა დამთვალიერებელთათვის.