დავიწყოთ კამპანია სახელწოდებით - „გადაამოწმე შენი თავი სად მიეცი ხმა“ - თამარ კორძაია
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია გამოდის ინიციატივით, რომ დაიწყოს კამპანია სახელწოდებით - „გადაამოწმე შენი თავი სად მიეცი ხმა“.
როგორც კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამისათვის უნდა შეიქმნას არჩევნებში მონაწილეთა ბაზა, სადაც მას შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს სად მისცა ხმა და დარწმუნდეს, გაყალბდა თუ არა მისი ხმა.
კორძაიას თქმითვე, თუ ხელისუფლება ამ ბაზას არ შექმნის, ეს ნიშნავს, რომ მას საქართველოს მოქალაქეების „ეშინია“.
„დავიწყოთ კამპანია სახელწოდებით - „გადაამოწმე შენი თავი სად მიეცი ხმა“. ეს რომ გავაკეთოთ, აუცილებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მყისიერად მოახდინოს ვებ-გვერდის ადაპტირება და შექმნას არჩევნებში მონაწილეთა ბაზა. შექმნას იმისათვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მიმსვლელთა ამომრჩეველთა სიაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ამომრჩევლის მიერ მისი ნების გამოვლენის დადასტურებულ შესაძლებლობას. ამასთან, დარწმუნდეს, რომ მისი ხმა არ დაკარგულა ან დარწმუნდეს, რომ მის ნაცვლად ხმა არავის მოუცია. მეორე მხრივ, დაარწმუნებს, რომ მისი ხმა სხვის მიერ არ გაყალბებულა.
თუ ხელისუფლება თვლის და ამტკიცებს, რომ გაყალბებას და ტექნოლოგიურ მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია, მას შეუძლია ასეთი ბაზა დაუყოვნებლივ შექმნას და დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეების ნდობა. თუ არ შექმნის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ეშინია, რადგან ისინი რეალურ შედეგებს შეამოწმებენ“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.