"აშშ საქართველოს "შემდგომი შედეგებით" დაემუქრა - შემდეგი სადგური "ნეოკოლონიალიზმი" - ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, აშშ არ გამორიცხავს შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება.
"შეერთებული შტატები საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ დაემუქრა, თუ მისი მთავრობა კურსს არ შეცვლის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა განაცხადა. დემოკრატია, ბატონო, მოვედით. შემდეგი სადგური „ნეოკოლონიალიზმი", - წერს ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით.
„მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება“, - აღნიშნა მილერმა.