"ეს ჯილდო ყველა ნახევარმცველს ეკუთვნის, რომელთა შრომაც არ ფასდებოდა...“ - ოქროს ბურთის მფლობელი
1960 წელს „ბარსელონასა“ და „ინტერის“ ლეგენდარულმა ფორვარდმა ლუის სუარეს მირამონტესმა ოქროს ბურთი მოიგო. ამის შემდეგ, ესპანელ ფეხბურთელს France Football-ის ჯილდო არასდროს მოუგია, თუმცა 28 ოქტომბერს ეს მშრალი სერია შეწყდა და როდრი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
„მანჩესტერ სიტის“ საყრდენმა ჯილდოს მიღების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:
„დღევანდელი გამარჯვება ჩემთვის კი არა, ესპანური ფეხბურთისთვის არის. რამდენი ესპანელი ფეხბურთელი იმსახურებდა ამ პრიზს, მაგრამ ვერ მოიგეს: ინიესტა, ჩავი, კასილიასი, ბუსკეტსი და მრავალი სხვა. ეს ჯილდო არის ესპანური ფეხბურთისა და ნახევარმცველებისთვის. დღეს ბევრმა მეგობარმა მომწერა და მითხრა, რომ ფეხბურთმა გაიმარჯვა, რადგან რამდენი ნახევარმცველი იყო გამოკვეთილი. ისინი ჩუმად მუშაობენ, დაუფასებლად და დღეს ეს ჯილდო მათია. მინდა აღვნიშნო კარვახალი, რომელმაც იგივე ტრავმა მიიღო, როგორც მე. ის იმსახურებს აქ ყოფნას, ისევე როგორც მე. და ასევე ის, ვინც მალე იქნება ამ ადგილას (იამალი იგულისხმა). მე უბრალო ადამიანი ვარ, არ ვარ სოციალურ ქსელებში. მინდა ცხოვრებით ვისიამოვნო და ვიყო გუნდის ლიდერი.
ძალიან მშვიდი ადამიანი გახლავართ. მოედნის მიღმა სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს იმისთვის, რაც ჩემს თავს ხდება. ცხოვრებისეული ღირებულებებითა და შეუპოვრობით შეგიძლიათ დიდი საქმეები გააკეთოთ. ტრავმის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობ. ვცდილობ ვიზრუნო საკუთარ თავზე და ვიპოვო პოზიტიური რაღაცები, როგორიცაა ოჯახთან ერთად დროის გატარება. ოქროს ბურთის მოგებას ვიზეიმებ მათთან ერთად, ვინც მიყვარს. დიახ, დღეს მე ოქროს ბურთთან ერთად დავიძინებ, ეს უეჭველია“.
შეგახსენებთ, რომ მეორე ადგილზე ვინისიუსი გავიდა, ხოლო მესამეზე ჯუდ ბელინგემი.