1924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია,საარჩევნო პროცესი ნეგატიურად შეფასდა - ეუთო/ოდირი
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, არჩევნების დღე, როგორც წესი, პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხმის საიდუმლოების ხშირი დარღვევით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ასევე ამომრჩევლებზე დაშინებითა და ზეწოლით, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.
დოკუმენტის თანახმად, კენჭისყრის დღე დაძაბულობით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქეთა სიჭარბით და ფიზიკური დაპირისპირებისა და დაშინების რამდენიმე ინციდენტით ხასიათდებოდა.
ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ხმის მიცემის პროცესი პროცედურული თვალსაზრისით უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული.
თუმცა, დაკვირვებების 1 924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა, უმეტესწილად ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინებაზე მინიშნების გამო, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ერთოდა საარჩევნო უბნებს შიგნით წარმოქმნილი დაძაბულობა და არეულობა და მოქალაქეთა სიჭარბე.
მისიის დასკვნის თანახმად, დაკვირვების 24%-ში ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული/დარღვეული იყო ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების მოთავსების ფორმით ან 7%-ში საარჩევნო უბნის მოწყობის, მაგიდების განლაგებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო.
დასკვნაში ასევე წერია:
მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ ეწინააღმდეგება, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად „ქართული ოცნებიდან“, ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ [ვიდეოკამერებით].
დამკვირვებლების შეფასებით ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა, რადგან კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას.
საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ (10%), საარჩევნო უბნების შიგნით კი პარტიის წარმომადგენლები (7%).
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ანგარიშებში აისახა საარჩევნო უბნების 4%-ში მთელი ოჯახის ან ადამიანების ჯგუფის მიერ ხმის ერთდროულად მიცემა.
ზოგიერთ შემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ბრალდებების შესახებ.
დაკვირვების არეალში მოქცეული ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურები არათანმიმდევრულად იყო დაცული – ამომრჩეველთა თითებზე მარკირების რეგულარულად შემოწმება არ ხდებოდა (7%) ან ხმის მიცემამდე მარკირება არ ხდებოდა (4%).
ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის დანერგვისა და თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის გამო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა.
ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმის დამთვლელი ელექტრონული მოწყობილობებით აღჭურვილ უბნებზე დაკვირვების შემთხვევათა 99% და 98%-ში, შესაბამისად, მოწყობილობები სრულად გამართულად მუშაობდნენ.
გამონაკლისი შემთხვევა იყო მხოლოდ დეფექტური მოწყობილობისა და ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს შორის მონაცემთა სინქრონიზაციასთან დაკავშირებული იშვიათი ხარვეზების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიამ იცოდა, როგორ გამოეყენებინა ეს მოწყობილობები, 9%-ში ყველა ამომრჩეველს არ მიეცა ადეკვატური ინსტრუქცია ბიულეტენის გაფერადებისა და ხმის დაფიქსირებასთან დაკავშირებით.
საარჩევნო უბნების 54%-ში ზოგიერთ ამომრჩეველს გაუჭირდა ხმების დამთვლელ მოწყობილობაში ბიულეტენის შეცურება.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო უბნების 97%-ში ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესს, ადგილობრივი დამკვირვებლები კი – 89%-ში, რაც აუმჯობესებდა გამჭვირვალობას.
თუმცა, ზოგიერთმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა აღნიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ხელშეშლის ფაქტი, როდესაც მათ შენობაში შესვლას უკრძალავდნენ ან დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
ამის საპირისპიროდ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დაკვირვებათა 28%-ში შენიშნეს, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების სახელით მოქმედებდნენ, რაც შეშფოთებას ზრდიდა ადგილობრივი დამკვირვებლების მიუკერძოებლობისა და მათი როლის ბოროტად გამოყენების გამო, რაც არ შეესაბამება ODIHR-ის მიერ გაცემულ უცვლელ რეკომენდაციას.
7%-ში არაუფლებამოსილი პირები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ადგილობრივი დამკვირვებლები ხელს უშლიდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ამოწმებდნენ ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს და დახმარებას უწევდნენ ბიულეტენებთან დაკავშირებულ საკითხებში.
ერთ შემთხვევაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია პირდაპირი დაშინებისა და სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ობიექტი გახდა.
ხმების დამთვლელი მოწყობილობებით აღჭურვილ საარჩევნო უბნებში წინასწარი შედეგები დადგინდა ცალკეული მოწყობილობების დაჯამებული შედეგების გაერთიანებით, რის შემდეგადაც მონაცემები USB მოწყობილობაზე აიტვირთა და პლანშეტის დახმარებით გადაიგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ოფიციალური მონაცემები ყველა საარჩევნო უბნისთვის სავალდებულო ხელით გადათვლის შედეგებს დაეყრდნობა.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ხმების დათვლის პროცესი უარყოფითად შეაფასეს 193 საარჩევნო უბნიდან 24-ში, რაც პროცედურული შეცდომებით ან საარჩევნო უბნებს შიგნით არსებული არეულობით იყო განპირობებული.
საარჩევნო სუბიექტებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების წარმომადგენლები თითქმის ყველა საარჩევნო უბანში იმყოფებოდნენ (შესაბამისად, 188 და 176 შესაბამისად) და პროცესი გამჭვირვალედ შეფასდა 181 შემთხვევაში.
თუმცა, პროცედურების საპირისპიროდ, გადათვლის პროცესის ზედამხედველობის მიზნით ორი დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლის არჩევა არ მომხდარა, შესაბამისად, 49 და 47 შემთხვევაში.
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ან ადგილობრივი და სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ პროცესში ჩარევის ფაქტი გამოვლინდა 27 შემთხვევაში. დაფიქსირდა დაძაბულობისა და არეულობის 29 და ხმების დათვლისთვის ხელის შეშლის 7 შემთხვევა.
ხმების დათვლის დროს პროცედურის ეტაპების გამოტოვების, მათ შორის წინასწარ გაწერილი თანმიმდევრობისთვის გვერდის ავლა დაფიქსირდა 50 შემთხვევაში.
საუბნო საარჩევნო კომისიებმა ვერ გააბათილეს გამოუყენებელი ბიულეტენები 40 შემთხვევაში, და ელექტრონული მოწყობილობები პროცედურის დაცვით არ აალაგეს 67 შემთხვევაში.
დათვლის პროცესში თითოეულ ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანი ხმამაღლა არ გამოცხადებულა 28 შემთხვევაში, სავალდებულო ხელით გადათვლამ ხმის დამთვლელ მოწყობილობასთან მიმართებით მცირე ცდომილება აჩვენა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 23 შემთხვევაში ხელით გადათვლის დროს ხმის ვალიდურობა არ იყო სრულად, რეგულაციების შესაბამისად, განსაზღვრული და არათანმიმდევრული იყო 21 შემთხვევაში.
გარდა ამისა, სადავო ბიულეტენების ვალიდურობა არ იყო კენჭისყრით განსაზღვრული დაკვირვების 80 შემთხვევაში. შედეგების ოქმებში გადატანასთან დაკავშირებული სირთულეები აღირიცხა 31 შემთხვევაში, რასაც 6 შემთხვევაში მანამდე დასრულებულ საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებში რიცხვების ცვლილებები მოჰყვა.
ცდომილებების დათვლის შედეგად შესწორება ან ხელახალი გადათვლა მოითხოვეს 42 შემთხვევაში.
37 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიებმა საჯაროდ არ გამოაკრეს საბოლოო შედეგების ოქმის ხელმოწერილი ასლი, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას.
65 საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების ოქმები და საარჩევნო მასალების დამუშავების ეტაპის დასაწყისს 73 საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ, რაც ზოგადად დადებითად შეფასდა.
პროცედურული ეტაპების გამოტოვების შემთხვევები აღირიცხა 6 დაკვირვების დრო, გადაცემული მასალების მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები აღირიცხა 17 დაკვირვების დროს, შეუსაბამო შენობების შემთხვევა გამოვლინდა 8 შემთხვევაში, მოქალაქეთა სიჭარბე კი – 6 შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ უბნების დონეზე მიღებული შედეგების დაჯამება საოლქო საარჩევნო კომისიების ამოცანას წარმოადგენს, წევრებმა 9 შემთხვევაში არ განახორციელეს შედეგების ოქმების სიზუსტისა და სისრულის გადამოწმება, ხუთ საოლქო საარჩევნო კომისიას საერთოდ არ შეუსრულებია ეს პროცედურა, არგუმენტად კი მიუთითა, რომ ოფიციალურ შედეგების საბოლოო გაფორმება ეროვნულ დონეზე ხდება.
საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებში უზუსტობების არსებობის ფაქტი 10 საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა.
66 კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა დამკვირვებელთა ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან 439 საჩივარი მიიღეს, რომლებიც საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნას, მრავლობითი საარჩევნო ბიულეტენების გაცემის სავარაუდო ფაქტებს, ადგილობრივი დამკვირვებლებისა და პარტიების წარმომადგენლებისთვის უფლებების შეზღუდვას, ხმის ფარულობის დარღვევას, პროცედურულ დარღვევებს, გადასატანი ყუთით ხმის მიცემას, სახარჯი მასალის ნაკლებობას, ელექტრონული მოწყობილობების გაუმართაობას, ვიდეო გადაღებას, საარჩევნო უბნებში, უბნებს გარეთ ან მათ სიახლოვეს წინასაარჩევნო კამპანიის მასალების არსებობას შეეხებოდა.
ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთვის ყველა საჩივრის განხილვა დაწყებული იყო. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებიდან ელექტრონულად მიღებული ნაწილობრივი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო და ამ საარჩევნო უბნების 90%-დან შედეგები მიღების შემდეგ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 21:45სთ-ზე დაიწყო