თეგებით ძიება

სექტემბერში, თბილისში 3 430 ბინა გაიყიდა - თიბისი კაპიტალი

2024 წლის სექტემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,430 შეადგინა, რაც 14%-ით აჭარბებს 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელს და 9%-ით მეტია გასული თვის მაჩვენებელზე. ამის შესახებ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ყოველთვიური მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის თანახმად, გაზრდილი მაჩვენებელი ძირითადად გამოწვეულია დაბალი საბაზისო ეფექტით.

"2024 წლის სექტემბერში, დიდი დიღომი ინარჩუნებს თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის ყველაზე დიდ წილს და მთლიანი გაყიდვების 26%-იან წილს იკავებს, ხოლო რიგით მეორეზე ადგილზე საბურთალოა,15%-იანი წილით. ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა დიდუბეში, დიდ დიღომში, კრწანისში, სამგორსა და ჩუღურეთში დაფიქსირდა. დიდ დიღომში ყველაზე მეტი ახალი ბინა გაიყიდა. ძველი ბინების ტრანზაქციების რაოდენობის შემთხვევაშიც ლიდერი რაიონი დიდი დიღომია, რომელსაც საბურთალო მოსდევს", - წერია მიმოხილვაში.

ამასთან, 2024 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ტრანზაქციების კუმულატიური რაოდენობა მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

თიბისი კაპიტალის ცნობით, საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,244 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 6%-ით გაიზარდა. გასაქირავებელი ფასი კი 11.4 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია.

"2024 წლის სექტემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდასა და ვაკეში მცირედით ჩამორჩება $2000-ს. ახალი ბინების ფასი საგრძნობლად გაიზარდა ისანში, კრწანისსა და გლდანში. რაც შეეხება ძველი ბინების ფასს, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დიდ დიღომსა და კრწანისში დაფიქსირდა", - წერს თიბისი კაპიტალი.

ბაზრის მოცულობამ $278 მილიონი შეადგინა და წლიურად 23%-ით გაიზარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა