"სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა... სახლში მეუღლე და დედა იყვნენ" - რას ჰყვება გია ხარჩილავას მოადგილე?
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 54 წლის ასაკში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. ის დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
AMBEBI.GE ხარჩილავას მოადგილეს თამარ ბელქანიას ესაუბრა:
- ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. დიდი დანაკლისია გია ხარჩილავას გარდაცვალება მთელი საქართველოსთვის. ის იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან განათლებული, თავის სამშობლოზე გულანთებული ადამიანი. ქვეყანამ დაკარგა კაცი, რომლის მთავარი ღირებულება იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ძალიან ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო, ის არ იყო მარტო ჩემი მეგობარი. ის არ იყო მხოლოდ წალენჯიხის მერი, ის იყო ჯარისკაცი, ქვეყნის სამსახურში.
- რა აწუხებდა მას, ამბობენ თრომბით გარდაიცვალაო?
- 07:15 საათზეა გარდაცვლილი. სამწუხაროდ სასწრაფომაც ვერ მოუსწრო, რომ მოვიდა სასწრაფოს ბრიგადა, უკვე გარდაცვლილი დახვდათ. სავარაუდოდ თრომბი, სხვას ვერაფერს ვიტყვი. ეტყობა ცუდად იგრძნო თავი, წამომჯდარი ყოფილა და უცებ გარდაიცვალა. სახლში იყო ამ დროს მისი მეუღლე და დედა. ძალიან დიდი ტკივილია. გუშინ საღამოს, 11-ის ნახევარზე ველაპარაკე. მოგეხსენებათ როგორი დაძაბულობა იყო ამ საარჩევნოდ. არ არის მარტივი ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში ბრძოლად, სადაც 4 მილიონი დახარჯეს და მართლა საოცრებები აკეთეს.
მართლა არ არის მარტივი უსამართლობას აღუდგე წინ. გუშინ რომ ვესაუბრე ძალიან გახარებული იყო, მითხრა, კვლევა დაიდო 48 პროცენტი და პლუს გაყალბება წალენჯიხაშიო. გახარებულმა დამირეკა ნახე კვლევის შედგებიო? ბუნებრივია განიცდიდა ამ ამბებს, რომ არ განიცადო ადამიანმა სულელი უნდა იყოს. განსაკუთრებული აქცენტები ჩვენს მუნიციპალიტეტზე კეთდებოდა, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტი და ძალიან მაღალი იყო პასუხისმგებლობაც ჩვენი. გია იყო უჯანმრთელეს ადამიანი. სახლში იყო მეუღლე და დედა და უცებ გარდაიცვალა. ძალიან დასანანია, მას არ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ერთადერთი, რაც მას აწუხებდა ეს იყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და იბრძოდა ამ მთლიანობის აღსადგენად.
ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.