მერიამ რამდენიმე ობიექტის მშენებლობა შეაჩერა - გაიგეთ მეტი!
წელს თბილისში 34 კორპუსისა და მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა შეჩერდა - ირკვევა მერიის დოკუმენტიდან.
კერძოდ, როგორც მერიისგან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარია, დედაქალაქის მასშტაბით, 2024 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შეჩერებულ პროექტებზე.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, შეჩერებულია 34 მრავალბინიანი ან/და მრავალფუნქციური სამშენებლო ობიექტის მშენებლობა“, - აღნიშნულია მერიის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გულისხმობს, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე.