სკინალი - ნაწრთობი შუშის წინსაფარი სამზარეულოში და ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ
სამზარეულოს მინის წინსაფარი ახალი ტრენდია, რომელმაც ტრადიციული კედლის ფილები ჩაანაცვლა. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სკინალს? რატომ მოსწონთ ადამიანებს ინტერიერის ეს ელემენტი? როგორი მინა უნდა აირჩიოთ? ამ და სხვა სასარგებლო ინფორმაციას ჩვენს სტატიაში ნახავთ.
სკინალის დადებითი და უარყოფითი მხარეები:
სამზარეულოს მინის წინსაფარს ტრადიციულ ფილებთან შედარებით უამრავი უპირატესობა აქვთ:
• ჰიგიენურია - ფილებისგან განსხვავებით, სკინალს სრულიად გლუვი ზედაპირი აქვს, რაც ჭუჭყის დაგროვებას გამორიცხავს.
• ადვილად მონტაჟდება.
• დიზაინის შეუზღუდავი არჩევანი აქვს (შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფერი ან ნიმუში გამოიყენოთ).
• პრიალა, სინათლის ამრეკლავი პანელები სამზარეულოს სივრცეს ვიზუალურად ზრდის.
• გაძლევთ განათების დაყენების შესაძლებლობას.
რაც შეეხება ნაკლოვანებებს, მინის წინსაფრებს მხოლოდ ერთი, მნიშვნელოვანი ნაკლი აქვთ: დასრულებული (ნაწრთობი)მინის მოჭრა არ შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მონტაჟის ეტაპზე ზომების დარეგულირება ან დამატებითი ხვრელების გაბურღვა შეუძლებელია.
მინის წინსაფრის დიზაინი
მოდით გავარკვიოთ, როგორი შეიძლება იყოს მინის წინსაფარი. ყველაზე იაფი და მარტივი მოდელი ჩვეულებრივი, უფერო მინისგან მზადდება. როგორც წესი, ასეთი წინსაფარი არა დეკორატიულ, არამედ ფუნქციურ როლს ასრულებს, ანუ ის სამზარეულოს კედლებს დაბინძურებისგან იცავს და ამავე დროს თითქმის უხილავი რჩება.
უფერო მინა შეიძლება ცოტათი შეალამაზოთ, მაგალითად, მქრქალი გახადოთ ან წარწერიანი დიზაინი გამოიყენოთ, რომელიც ყავის მაღაზიების ფანჯრებს ამშვენებს.
სამზარეულოს წინსაფრების წარმოებისთვის ყველაზე პოპულარული მასალა შეღებილი მინაა. ასეთ სკინალს მინის უკანა ზედაპირზე საღებავის წასმით და სპეციალური თერმული დამუშავებით იღებენ, რაც ფასს 15-20 პროცენტით ზრდის. ამ ხერხის მთავარი უპირატესობა დიზაინის გამძლეობა და ფერების შეუზღუდავი არჩევანია.
ყველაზე პოპულარული მოხატული სკინალებია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ ნახატს შეუძლია სამზარეულოს ინტერიერი გამორჩეული გახადოს და ვიზუალურად გააფართოოს.
გამოსახულების პანელზე გადატანის ორი გზა არსებობს: მინაზე ვინილის ფირის დაკრობა ან გამოსახულების ბეჭდვა. პირველი ვარიანტი უფრო იაფია, მაგრამ ნაკლება ხარისხიანი, მეორე ვარიანტი უფრო საიმედოა და გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა დაახლოებით 50%-ით ძვირი ღირს. თუ გსურთ სტუმრები 3D ეფექტით გააოცოთ, მაშინ სამჯერ მეტის გადახდა მოგიწევთ.
სკინალის კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი, რომელიც ბევრს ავიწყდება, სარკისებრი პანელია. პატარა სამზარეულოებისთვის ის შეიძლება ნამდვილ აღმოჩენად იქცეს. სარკისებრი პანელების გამოყენებით შეგიძლიათ ვიწრო სამზარეულო ვიზუალურად გააფართოვოთ, ასევე ეს შესანიშნავი ადგილია იმისთვის, რომ დიზაინის სხვადასხვა ექსპერიმენტი მოსინჯოთ.
როგორ ავირჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი?
სამზარეულოს წინსაფრის მინის პანელს აწრთობენ, რაც მას სიმტკიცეს ანიჭებს. ნაწრთობი მინის მოჭრა შეუძლებელია, ამიტომ სკინალის შეკვეთისას მისი ზუსტი ზომები, ხვრელებისა და საკეტების რაოდენობა, ზომები და განლაგება უნდა მიუთითოთ.
თუ სამზარეულოს რემონტს „ერთხელ და სამუდამოდ“ - პრინციპით აკეთებთ, შესაძლოა სამმაგი მინით - ტრიპლექსით დაინტერესდეთ. ეს ნაწრთობი მინის ერთგვარი სენდვიჩია, რომელსაც შუაში ნაბეჭდი სურათი აქვს დატანილი. სკინალის დამზადების ეს მეთოდი ორმაგ სიმტკიცეს და გამოსახულების აბსოლუტურ დაცვას უზრუნველყოფს.
გაითვალისწინეთ, რომ სკინალის დაყენების ღირებულება მოიცავს მზომავის მომსახურებას, მინისა და წრთობის ფასს, ხვრელების გაჭრას და დამუშავებას, დამატებითი დამცავი ფირის და განათების ღირებულებას, მიწოდებას და ა.შ.