თეგებით ძიება

რა ღირს ევროპაში ბინები და რომელ ქვეყნებშია ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები?

2024 წლის აპრილიდან მოყოლებული დღემდე, ინვესტორებმა ევროპის უძრავ ქონებაში 44 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტიცია განახორციელეს. ეს მაჩვენებელი 2024 წლის წინა კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას 18%-ით აღემატება. ვნახოთ რა ღირს დღეს ევროპაში უძრავი ქონება და როგორი მდგომარეობაა  ამჟამად ბაზარზე?

Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, სამხრეთ ევროპაში პრემიუმ სეგმენტის უძრავი ქონების ფასები, მდიდარი უცხოელი მყიდველების ინტერესის გამო იზრდება. ფასების ყველაზე დიდი ზრდა ლისაბონში დაფიქსირდა - 4,2%. მადრიდში უძრავი ქონების ფასები 3,5%-ით გაიზარდა, ათენში კი 3,4%-ით.

ამ სტატიაში ჩვენ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ უძრავი ქონების მიმდინარე ფასებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში, რათა გავარკვიოთ, რომელ რეგიონებშია ფასების ყველაზე დიდი რყევები, რა ფაქტორები ახდენს გავლენას ფასებზე და როგორია ზოგადი მდგომარეობა  ბაზარზე. 

ესპანეთი

ამ დროისთვის ესპანეთში ყველაზე დიდი მოთხოვნა საცურაო აუზების მქონე სახლებზეა, თუმცა  ამ დროისთვის აუზი გასაყიდი ბინების მხოლოდ 24%-ს აქვს.  ეს ფაქტორი მოთხოვნასა და მიწოდებაზე გავლენას ახდენს. საცურაო აუზის მქონე სახლები საშუალოდ, 65%-ით ძვირი ღირს, ვიდრე დანარჩენი. 

ფასში სხვაობა აუზიან და აუზის არმქონე სახლებს შორის სანტა კრუზ დე ტენერიფეში ყველაზე შესამჩნევია და 108%-ს შეადგენს, ტერუელი და ბილბაო (60%), ბარსელონა (59%) და პამპლონა (58%). 

ზემოხსენებული ქალაქებისგან განსხვავებით, მადრიდში, აუზიანი სახლების ფასი მხოლოდ 3%-ით მეტია, ვიდრე დანარჩენების. სევილიაში სხვაობა 1%-ია, სან სებასტიანსა და სეუტაში კი აუზიანი და აუზის არმქონე სახლების ფასი ერთი და იგივეა. სალამანკა ესპანეთის ერთადერთი ქალაქია, სადაც აუზიანი სახლები 12%-ით იაფია, ვიდრე სხვები.

მადრიდსა და ბარსელონას შორის ფასების სხვაობა  უახლესი ხუთწლიანი ურბანული განვითარების გეგმით აიხსნება - მადრიდს ახალი რაიონების შესაქმნელად მეტი შესაძლებლობა აქვს, ხოლო ბარსელონა პლაჟებთან სიახლოვის გამო, უამრავ შეზღუდვას აწყდება, რაც ახალი ობიექტების მშენებლობას ართულებს. 

უძრავ ქონებაზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები ალმადენშია. ამ ქალაქში კვადრატული მეტრი ფართობის საშუალო ფასი მხოლოდ 344 ევროა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მთავრობა აუქმებს „ოქროს ვიზის“ პროგრამას, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში უცხოელებს ბინადრობის უფლებას ანიჭებს. ინვესტორებს უძრავი ქონების შეძენის გზით ბინადრობის ნებართვის მისაღებად მხოლოდ რამდენიმე კვირა რჩებათ.

ნიდერლანდები

ნიდერლანდების სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით, (Centraal Bureau voor de Statistiek, CBS) ამ ქვეყანაში უძრავი ქონების ფასი 10,6%-ით  გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდაა. ფასების ზრდის ტენდენცია გამოწვეულია ქვეყანაში ხელფასების ზრდით და გასაყიდი ბინების სიმცირით. 

საბერძნეთი

საბერძნეთის დიდ ქალაქებში უძრავი ქონების ფასები კვლავ იზრდება. 2024 წლის ივნისში სანტორინიში ბინის ფასი 7%-ით გაიზარდა, ხოლო პირეოსში 29%-ით. ათენის ცენტრში კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება 2120 ევროა, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთ ქალაქებში ბინის ფასები კვადრატულ მეტრზე 1000 ევროს არ აღემატება.

უძრავი ქონების ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები კასტორიაში ფიქსირდება. აქ კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 566 ევროა, რაც ათენის ფასებზე ოთხჯერ ნაკლებია.

გამოცემა Ekathimerini -ის ინფორმაციით, ბოლო წლებში კიკლადის კუნძულებზე მდებარე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, 2020 წლიდან მოყოლებული, 12000-ზე მეტი ობიექტი გაიყიდა. ყველაზე მეტი ტრანზაქცია პაროსსა და ტინოსში დაფიქსირდა, რომელსაც სანტორინი, სიროსი და ნაქსოსი მოჰყვება.

გთავაზობთ საბერძნეთის უძრავი ქონების გაყიდვების რეიტინგს 2020 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისამდე პერიოდში:

პაროსი 2172 გაყიდვით რეიტინგის ლიდერია. კუნძულზე ყოველწლიურად 300-ზე მეტი ობიექტი იყიდება, 2021 და 2022 წლებში კი გაყიდული ობიექტების რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. 2024 წლის ივნისამდე პაროსზე 422 გაყიდვა დაფიქსირდა, რაც მაღალი მოთხოვნის ნიშანია.

მეორე ადგილზეა თინოსი 2127 გაყიდვით. მესამეზე - სანტორინი (1873 გაყიდვა). მეოთხეზე სიროსი (1508 გაყიდვა), ნაქსოსი (1355 გაყიდვა). პატარა კუნძულებს შორის 291 გაყიდვით  ანტიპაროსი  გამოირჩევა. 

რაც შეეხება ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, 2024 წლის პირველ ნახევარში ათენში ელიტარული სახლების ფასები 3,5%-ით გაიზარდა. კომპანია Savills-ის კვლევის თანახმად, ათენი მსოფლიოს 30 იმ ქალაქს შორის, სადაც უძრავი ქონების ფასი იზრდება, მეოთხე ადგილზე გავიდა. პირველ სამეულში ლისაბონი, ამსტერდამი და მადრიდი მოხვდა. გარდა ამისა, ათენში ძვირადღირებული სახლების გაქირავების ტარიფი 4.6%-ით გაიზარდა.

უძრავი ქონების გაყიდვასა და გაქირავებაზე ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი უცხოელი ინვესტორებისა და მყიდველების აქტიურობა გახდა. თუმცა, წელს ასევე დაფიქსირდა ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა, განსაკუთრებით ათენში.

კომპანია Sotheby's International Realty-ის უახლესი კვლევის მიხედვით, ადგილობრივ მყიდველებს შორის ძვირადღირებულ სახლებზე მოთხოვნა წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს ბერძენი ინვესტორების მზარდ ინტერესს და აქტიურობას.

პორტუგალია

პორტუგალიური გამოცემა The Portugal News სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 2024 წლის დასაწყისში უცხოელ მყიდველებზე ქონების გაყიდვები წინა კვარტალთან შედარებით დაახლოებით 20%-ით შემცირდა.

უცხოელ მყიდველებს შორის ტრანზაქციების შემცირება არარეზიდენტებისთვის საგადასახადო შეღავათის რეჟიმის დასრულებას დაემთხვა. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, საგადასახადო შეღავათების დასრულება უძრავი ქონების ბაზარზე  მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

უნგრეთი

უნგრეთში 2023 წელს 23%-იანი კლების შემდეგ, 2024 წლის პირველ სამ თვეში გაყიდული ქონების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით გაიზარდა, რაც „ოქროს ვიზის“ პროგრამის დაწყებას უკავშირდება. დღეისთვის დედაქალაქში კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება 3730 ევროა.

უნგრეთის  ცენტრალური სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში ახალი ქონების ფასი წინა წელთან შედარებით 14,5%-ით, ხოლო მეორადი სახლების ფასი 8,2%-ით გაიზარდა. 

უნგრეთის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე კვადრატული მეტრი ფართობის საშუალო ფასი 1315 ევროდან, ხოლო ახალი შენობების ღირებულება კვადრატულ მეტრზე 2940 ევროდან იწყება.

1-2%-ით გაიზარდა უძრავი ქონების გაქირავების ფასებიც. Daily News Hungary-ის კვლევის თანახმად, 2024 წლის ივნისში ბუდაპეშტში ბინის ქირა თვეში 636 ევროდან იწყებოდა

2025 წლის 1 იანვრიდან, „ოქროს ვიზის“ ამოქმედების შემდეგ ინვესტორები უძრავი ქონების ინვესტიციისთვის ბინადრობის ნებართვის მიღებას შეძლებენ.  

კვიპროსი

წლის დასაწყისიდან კვიპროსზე 9,2 ათასზე მეტი გაყიდვის ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაყიდვების ყველაზე დიდი ზრდა ნიქოზიასა და ლარნაკაში დაფიქსირდა, სადაც ტრანზაქციის მოცულობა 24%-ით და 12%-ით გაიზარდა. 

2024 წლის პირველ ნახევარში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების მოცულობა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით, მეორე ნახევარში კი 6,3%-ით გაიზარდა.

კვიპროსის მიწის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმად, 2024 წლის პირველ ნახევარში 2,07 მილიარდი ევროს ღირებულების 9 374 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. ტრანზაქციების რაოდენობით ნიქოზია, ლიმასოლი და პაფოსი კუდერობენ, რომლებიც ერთად ბაზრის 75%-ს მოიცავენ.

ძვირადღირებული უძრავი ქონების გაყიდვებში ლიმასოლი უდავო ლიდერის. 2024 წლის პირველ ნახევარში ამ ქალაქში ყველაზე დიდი ტრანზაქციების მოცულობამ 145 მილიონ ევროს მიაღწია. 

ანდორა

2024 წლის მეორე კვარტალში ანდორის უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველების აქტივობა შემცირდა. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა 19%-ით ნაკლებია. ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, უძრავი ქონების კვადრატულ მეტრზე საშუალო ღირებულება 12%-ით გაიზარდა.

ეს ცვლილება შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს გამოწვეული. შესაძლოა, უცხოელი ინვესტორები მეტ სიფრთხილეს იჩენენ ან ფასების ზრდა უძრავ ქონებას მყიდველებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა