არავითარი გამოსავალი არ არსებობს, რადგან ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, რაც მას უფსკრულში გადაჩეხავს - რომან გოცირიძე
„ევროოპტიმისტების“ ლიდერი რომან გოცირიძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ეხმიანება და ლარის კურსსა და ეროვნული ბანკის შესახებ საუბრობს.
„ხელისუფლების მორიგმა ღალატმა კვლავ არასტაბილური ვითარება შექმნა ბაზარზე. დღეს უკვე ვართ ისეთ დონეზე, როდესაც რეზერვები კრიტიკულ დონეს არის ჩამოცდენილი და მთავრობა როგორც ჩანს, სავალუტო ბაზარზე ჩარევას აღარ აპირებს. მაშინ, როდესაც საარჩევნო პერიოდში 700 მლნ დოლარი დახარჯა ლარის კურსის ფიქსაციისთვის, რათა დადებითი განწყობა შეექმნა ამომრჩევლისთვის, სინამდვილეში კი თვალში ნაცარს აყრიდა ამომრჩეველს, რეზერვების განადგურების ხარჯზე.
ეროვნული ბანკი არის გაჩერებული. ფაქტობრივად, ორ დღეში ლარის 10-პუნქტიანი ვარდნა გვაქვს და სებ-ი ხელს არ ანძრევს, როგორც ჩანს, მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება ლარის კურსი ან ფასები ქვეყანაში.
როდესაც რეზერვები კრიტიკულ ზღვარს არის ჩამოცდენილი, ბუნებრივია, რომ მას მანევრირების საშუალებაც არ აქვს. სამწუხაროდ, ნოემბერში რეზერვები ფაქტობრივად არ შეცვლილა - 4.1 მლრდ იყო და დღეს არის 4.154 მლრდ, მცირე ზრდაა, ისიც ივანიშვილის მიერ უცხოეთიდან გადმოტანილი თავისი ფული, რადგან ის გამორბის უცხოეთიდან - „ქართუ ბანკის“ მიერ ეროვნულ ბანკში დადებული ფულის ხარჯზე, რაც არ არის წმინდა რეზერვები და ცოტა ხანში მას ისევ წაიღებს სადმე, მაგალითად, არაბეთში.
არავითარი გამოსავალი არ არსებობს, რადგან ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, რაც მას უფსკრულში გადაჩეხავს, რადგან არ დარჩა ისეთი მხარდამჭერები, როგორიცაა სავალუტო ფონდი ან დასავლელი მეგობრები - ევროკავშირი ან ამერიკა, რომლებიც გაჭირვების ჟამს გვერდში ედგნენ და გვასესხებდნენ ან გრანტის სახით გვაჩუქებდნენ ფულს. ვინ დაეხმარება ახლა საქართველოს? პუტინი, რომელსაც თავისი გაჭირვება აქვს თუ ორბანი? დავრჩით შიშველი ხელებით უზარმაზარი საფინანსო პრობლემის წინაშე, რაც ქვეყნის გაღატაკებას, დაცლას, ვალუტის კურსის დაცემას და ფასების ზრდას გამოიწვევს.
ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს და მშვიდობიანი გზით ფინანსური კრიზისის გადაჭრის გზა, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ამის შემდეგ ყველაფერი განვითარების კალაპოტში დადგება. მთელი მსოფლიო დაგვიდგება გვერდში, გავწევრიანდებით ევროკავშირში და ის სიკეთეები, რაც მას მოსდევს ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. დღეს ამ ხელისუფლებამ დაგვტოვა მარტო მრავალი გამომწვევი წინაშე და გამოსავალი სწორედ მათ შეცვლაშია“, - აცხადებს რომან გოცირიძე.