თეგებით ძიება

რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან სახლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

მეტალოპლასტმასის ფანჯრები, ლითონის კარი, ლამინირებული იატაკი და ნათელი სამზარეულო - ასეთია სტანდარტული თბილისური ბინა, თუმცა მსოფლიოს ყველა ქვეყანას კომფორტული ბინის საკუთარი მოდელი აქვს. მაგალითად, იაპონური ოჯახი 25 კვ.მ ბინაშიც მშვენივრად გრძნობს თავს, ავსტრალიელებს ფანერისგან აგებულ სახლში ცხოვრება შეუძლიათ, ფინელისთვის კი სახლში საუნის ქონა ისეთივე აუცილებელია, როგორც ჩვენთვის სამზარეულო... ამ სტატიაში გიამბობთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რა ტიპის ბინები და სახლები გვხვდება ყველაზე ხშირად?

პატარა ბინა - იაპონია, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, დასავლეთ ევროპის ზოგი ქვეყანა

პატარა ბინები ყველაზე ხშირად გვხვდება ქვეყნებში, სადაც ფართობის ღირებულება ძალიან მაღალია. თუმცა, ეკონომიკური მიზეზების გარდა, აქ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ტრადიციებმა, სოციალურმა პოლიტიკამ და სხვა ფაქტორებმა. 

იაპონია ცნობილია თავისი პატარა - 25 მ/კვ-იანი ბინებით. ამ ქვეყანაში საცხოვრებლის ფართობს არა კვადრატულ მეტრში, არამედ ტატამში ანგარიშობენ, სადაც ერთი ტატამი 90×180 სანტიმეტრია. პატარა ბინების გამო, იაპონელები იძულებულები არიან დიზაინის ყველა სასწაული მოახდინონ. იაპონურ ბინაში კარადაში მოთავსებული დასაკეცი საწოლები და სამზარეულოები ჩვეულებრივი მოვლენაა. მსგავსი ვითარება შეინიშნება აზიის სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, ჰონგ კონგი სავსეა პატარა ბინებით, რომლებსაც მთავრობა ხელმოკლე ოჯახებს ჩუქნის. ასეთ 20 კვ.მ-იან ან უფრო პატარა ბინაში რამდენიმე თაობისგან შემდგარი ოჯახები ცხოვრობენ. 

მრავალსართულიანი შენობები - სამხრეთ კორეა, შვედეთი, ესპანეთი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები

ერთმანეთის მსგავსი მრავალსართულიანი სახლები აღმოსავლეთ ევროპის გარდა, ესპანეთშიც გავრცელებულია, სადაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საძილე რაიონებში ცხოვრობს. ანალოგიური ვითარებაა შვედეთსა და სამხრეთ კორეაშიც. მრავალსართულიან სახლებში პატარა, მაგრამ ნათელი და საკმაოდ კომფორტული ბინებია. ასეთი სახლების სიმრავლე და ბინის მცირე ფართობი ახალგაზრდებსაც კი აძლევს საშუალებას, რომ  საკუთარი საცხოვრებელი შეიძინონ. 

კერძო სახლები - აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები

ლამაზად ჩამწკრივებული ერთნაირი სახლები - ეს ამერიკული საძილე რაიონი და ახდენილი ოცნებაა. ასეთ ამერიკულ სახლში ყოველთვის არის დიდი მისაღები ოთახი ნათელი სამზარეულოთი და რამდენიმე საძინებლით, რომელიც უცხო თვალისგან მოფარებულ ადგილზეა. ამერიკული სახლის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობა, რომ ყველა საძინებელს თავისი სველი წერტილი აქვს და დილაობით აბაზანასთან რიგი არ დგება. 

მსგავსი ვითარებაა დიდ ბრიტანეთშიც – ბრიტანელს თუნდაც ყველაზე პატარა კერძო სახლი ნებისმიერ ბინას ურჩევნია. კერძო სახლები ავსტრალიაშიც უყვართ, სადაც სახლის სიდიდე არა კვადრატული მეტრობით, არამედ  საძინებლების რაოდენობით იზომება. 

უჩვეულო აბაზანა - დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, თურქეთი

იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ფინეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში სააბაზანო ოთახში აბაზანას ვერ ნახავთ. მის ნაცვლად, იატაკზე დამონტაჟებული ტრაპია, სადაც ბანაობის დროს ჩამდინარე წყალი ხვდება. თუ აზიის ქვეყნებში აბაზანაზე უარს ადგილის ეკონომიის მიზნით ამბობენ,  ფინეთში განსხვავებული ვითარებაა. ფინელებს საუნის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ამიტომ თანამედროვე ფინურ სახლში სულ მცირე, ერთი საუნაა. 

ყველამ იცის, რომ ბრიტანეთში ცივი და ცხელი წყლისთვის ორი, სხვადასხვა ონკანი აქვთ. ბრიტანელები ხელების დასაბანად ან ჭურჭლის გასარეცხად ნიჟარას ორივე ონკანიდან წყლით ავსებენ. ამასთან, პროცესის დასრულების შემდეგ სუფთა წლის გადავლება აუცილებელი არაა. რატომ? ბრიტანელები ამბობენ, რომ ასეთი ტრადიცია აქვთ. 

ბინები ცენტრალური გათბობის გარეშე - ხორვატია, მონტენეგრო, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი

მსოფლიოში ბევრი განვითარებული ქვეყანაა, სადაც ადამიანებს ბინებში ცენტრალური გათბობა არ აქვთ. ბუნებრივია, ზამთარში ადამიანები ასეთი ბინის გათბობას ალტერნატიული საშუალებებით ცდილობენ, რაც საკმაოდ ძვირი და მოუხერხებელია. ტრადიციების მოყვარულ  ბრიტანეთში უამრავი ადამიანი დღემდე  ბუხრის საშუალებით თბება. 

ცხოვრება სამზარეულოს გარეშე - სამხრეთ საფრანგეთი, იტალიის ზოგი რეგიონი 

ჩვეულებრივ, ბინაში სამზარეულოს არსებობა აუცილებელია. 20-კვადრატულ, სტუდიოს ტიპის ბინაშიც კი სამზარეულოსთვის პატარა კუთხე გამოყოფილია, მაგრამ ბოლო დროს, საფრანგეთის სამხრეთით და იტალიის კომოს ტბის რეგიონში ბინები სამზარეულოს გარეშე შენდება. როგორც წესი, ასეთ ბინებს მოგზაურებზე აქირავებენ, რომლებიც საჭმელს კაფეებში და რესტორნებში მიირთმევენ და სამზარეულო არაფერში სჭირდებათ. 

კეთილმოწყობილი სარდაფი - შვედეთი, ფინეთი, გერმანია

სარდაფების მაქსიმალურად რაციონალური გამოყენება შესანიშნავი იდეაა, რომელიც ჩვენს მშენებლებსაც ძალიან გამოადგებათ. მაგალითად, შვედეთში არავინ ინახავს აივანზე ზამთრის საბურავებს, ველოსიპედებსა და ნაძვის ხეებს - ამისთვის თითოეულ მაცხოვრებელს საკუთარი სარდაფი აქვს. ზოგ ქვეყანაში სარდაფში განთავსებულია სამრეცხაო ოთახი მთელი სახლისთვის, საუნა ან სპორტული დარბაზიც კი. 

გაგრილების სისტემები - აშშ, ესპანეთი, იტალია, კუბა, ისრაელი

ცხელი ქვეყნების მაცხოვრებლები სახლებს ისე აშენებენ, რომ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდონ და ოთახებში სიგრილე იყოს. ესპანეთში, იტალიასა და ისრაელში ბინებს ყველაზე ხშირად ქვის ან კრამიტის იატაკი, ღია ფერის კედლები და ფანჯრებზე სქელი ჟალუზები აქვთ, რომლებიც ბინას მთელი დღის განმავლობაში მზისგან იცავენ. 

აშშ-ში კი კონდიციონერებს აღმერთებენ. თუნდაც ქუჩაში +26 გრადუსი იყოს, ბინაში კონდიციონერს მაინც რთავენ, რომ  „უფრო კომფორტული“ გარემო შექმნას.

თხელი კედლები - იაპონია, ავსტრალია

ხშირი მიწისძვრების გამო, მსხვერპლის რაოდენობის შესამცირებლად იაპონელი ინჟინრები ცდილობენ მსუბუქი სახლები ააშენონ. რა თქმა უნდა, გადარჩენის შანსი უფრო მაღალია, თუ მძიმე კედლის ნაცვლად, თავში მსუბუქი დაგეცემა.  

ავსტრალიურ სახლებს საკმაოდ თხელი და მსუბუქი კედლები აქვთ იმის მიუხედავად, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კედლებს აგურისგან აშენებენ. სამაგიეროდ, ძველი უბნები სავსეა სახლებით, რომლებსაც ფაქტორივად, ფანერის კედლები აქვთ. ასეთ სახლში ჰაერის ტემპერატურა არაფრით განსხვავდება ქუჩის ტემპერატურისგან, მაგრამ ავსტრალიის კლიმატის გათვალისწინებით, ფანერის სახლში ცხოვრება ათი თვის განმავლობაში საკმაოდ კომფორტულია. დარჩენილ ორ თვეს ავსტრალიეები ასე თუ ისე, თბებიან. ფანერის სახლებში ცხოვრება მიუჩვეველ ადამიანს შეიძლება მოუხერხებლად მოეჩვენოს, მაგრამ ადგილობრივები ყველაფრით კმაყოფილები არიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა