გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გაემიჯნება ივანიშვილის რეჟიმს - ნიკა მელია
მისასალმებელია, რომ რეჟიმის ფარგლებში სულ უფრო მეტი ადამიანი უარს ამბობს ომონის დავალებების შესრულებაზე, გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გაემიჯნება ივანიშვილის რეჟიმს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ნიღბიანი „ტიტუშკა“, ე.წ. ომონელი პოლიციელია.
„ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც თვითგამოცხადებულმა, ხალხის ნების მიმტაცებელმა ე.წ ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ ის აჩერებს წინსვლას ევროპისკენ და ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ უპასუხა, რომ ამ გზაზე სვლა არის შეუჩერებელი. თავისუფლებისთვის ბრძოლა და ჟინი არის ისეთი რამ, რასაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ამ ბრძოლაში ერთმანეთისგან განსხვავებული ათობით ათასი ადამიანი ჩაერთო, ჩაერთო ღირსებითა და სიმართლით წინააღმდეგობის ისტორიული ფურცლის დაწერაში; ჩაერთო ერთობის ისტორიული ფურცლის დაწერაში; ჩაერთო შეუპოვრობის ისტორიული ფურცლის დაწერაში, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად დაწერს დიდი სახელმწიფოებრივი გამარჯვების ისტორიას.
არჩევნების მიტაცების შემდეგ გუშინ ვიხილეთ, რომ ე.წ ხელისუფლებამ ომონის ჩართულობით საბჭოთა რეპრესიები დაიწყო და ჩაატარა ჩხრეკა არაერთი ოპოზიციურ პარტიის ოფისში, დალუქა ეს ოფისები, დალუქა ინვენტარები, დააკავა ჩვენი თანამებრძოლი პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია. დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ უნდოდა ჩხრეკას დასწრებოდა, როგორც იურისტი, რისი უფლება მას ჰქონდა. გუშინ, გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიები შევიკრიბეთ თავისუფლების მოედანზე მდებარე „ქორთიარდ მარიოტის“ შენობაში, რათა მიგვეღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, მოაგზავნეს „ტიტუშკები“, სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანები. ისინი თავს დაესხნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ლიდერებს, უბრალოდ ადამიანებს. რამდენიმე ჩვენმა თანამებრძოლმა ჩამოხსნეს ამ „ტიტუშკებს“ ნიღბები და აღმოჩნდნენ მოქმედი პოლიციელები. მაგალითად ერთ-ერთმა როდესაც ჩამიხსნა ნიღაბი მოძალადე „ტიტუშკას“, რომელიც რაღაც „ემპორიო არმანის“ ქურთუკით იყო და პოლიციის არანაირი ნიშანი არ ჰქონდა, აღმოჩნდა აღმოჩნდა გლდანის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი მირიან ქავთარაძე. ყველა ის „ტიტუშკა“, რომელიც ნიღბით არის სინამდვილეში არის ე.წ ომონელი პოლიციელი და ეს დადასტურდა. ძალიან მძიმედ არის დაზიანებული იქ ადგილზე დაკავებული საბა სხვიტანიძე არის სასტიკად ნაცემი არა დაკავებისას, არა მანქანაში, არამედ სამმართველოში, პოლიციის მეხუთე სართულზე.
პრივილეგიაა ამ ბრძოლაში ყოფნა, რომელიც ყოველდღე გაგრძელდება და არ შეჩერდება არცერთი წამით. არა თუ არ მინავლდება, არამედ იქნება თოვლი, წვიმა ქარიშხალი. იქნება არამხოლოდ რუსთაველის გამზირზე, იქნება არაძალადობრივი, მშვიდობიანი სიმართლითა და ღირსებით ბრძოლა, სანამ ეს რეჟიმი არ ჩამოინგრევა. მისასალმებელია, რომ რეჟიმის ფარგლებში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უარს ამბობს ომონის დავალებების შესრულებაზე და რუსული ინტერესების გატარებაზე. გვჯერა, რომ მომავალში სულ უფრო მეტი ადამიანი გაემიჯნება ივანიშვილის რეჟიმს“, – აღნიშნა მელიამ.