თეგებით ძიება

რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მიუთითებს - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის განცხადებით, ამ დროისთვის, ომბუდმსენის რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს.

მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს.

„მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულების პროცესს. ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს. სამწუხაროა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს 188 მოქალაქე. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, ბაღდადში, ზესტაფონში, სამტრედიაში, მცხეთაში, ბაკურიანში, ხაშურში, გურჯაანში, სიღნაღში, საგარეჯოსა და დუშეთში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამოქალაქო კლინიკებში“, – განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე.

მან ასევე, გუშინ დაკავებული ალეკო ელისაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„დაკავებული ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას გამოყენებულ იქნა არაპროპორციული ძალა, ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ, მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით, ამასთან იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრავმის შესახებ.

ალეკო ელისაშვილის მხრიდან პოლიციელების მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი“, – განაცხადა იოსელიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა