მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ესენი არ არიან ჩვენი აქტივის წარმომადგენლები - მდინარაძე TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე
ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმით მითუმეტეს, არის ამორალური, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში სატელეფონო ჩართვისას.
„ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმით მითუმეტეს, არის ამორალური. არა მხოლოდ დასაგმობი და ცუდია, არამედ ამორალური და ამაზრზენია. მაკა ჩიხლაძეზე ჩემი წარმოდგენები მაქვს, მაგრამ არაფერ შუაშია ამ ფაქტის შეფასებასთან. როდესაც ვნახე ეს კადრები, ყველას ველაპარაკე ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი. ეს [თავდამსხმელი] არ არის პოლიციელი, არც სპეცრაზმელი და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ესენი არ არიან ჩვენი აქტივის წარმომადგენლები. მინიმუმ ეჭვის დონეზე ვინ რჩება, ვისაც აწყობს არეულობა. ვის აწყობს ახლა სიმშვიდე და ვის აწყობს არეულობა?! მინდა გამოძიებას ვთხოვო, რაც შეიძლება სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა და ე.წ. კარწინკები სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.