მოვუწოდებ რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება - ომბუდსმენი
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას სახალხო დამცველი ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:
"ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.