რა ახდენს გავლენას უძრავი ქონების ფასზე?
ახალაშენებულ კორპუსში ბინის არჩევისას მყიდველი პირველ რიგში ყურადღებას აქცევს ფასს. ბინის ფასი კი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
მოდით, გავიგოთ რა განაპირობებს ბინის ღირებულებას და რა მოქმედებს ფასის ცვლილებაზე?
პირველი, რაც გავლენას ახდენს ნებისმიერი უძრავი ქონების ღირებულებაზე, არის მისი ფართობი. როგორც წესი, თითოეული კვადრატული მეტრის მატებასთან ერთად ფასიც იზრდება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია ასევე უძრავი ქონების სიახლოვე სატრანსპორტო კვანძებთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან, როგორიცაა, მაგალითად: სკოლები, საბავშვო ბაღები, მაღაზიები, ბანკები და სხვა.
ბინის ფასს ასევე განსაზღვრავს საცხოვრებელი კორპუსის ირგვლივ არსებული გარემო. ღირებულება იზრდება თუ კორპუსს აქვს საკუთარი, გამწვანებული და დაცული ეზო, სკვერი, დამატებითი დასასვენებელი ადგილები და ა.შ.
ლოკაცია ერთ-ერთი წარმყვანი ფაქტორია, რომელიც უძრავი ქონების ფასს განსაზღვრავს. რაც უფრო პრესტიჟულია რაიონი, მით უფრო დიდია იქ მდებარე ბინებზე მოთხოვნა და შესაბამისად, ფასიც მაღალია.
სახლის ტიპი და შენობის მდგომარეობა - მყიდველები უპირატესობას ანიჭებენ შენობებს, რომელიც მყარია, კარგ მდგომარეობაშია, აქვს კარგი თბოიზოლაცია, დაგეგმარება და ა.შ. როგორც წესი, ახალაშენებული შენობები გაცილებით უფრო მყარი და სანდოა, ვიდრე მეორადი ბინები, რომელთა უმრავლესობა უკვე საკმაოდ მოძველებულია, ამიტომ ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გაცილებით ძვირია.
შენობის სართულების რაოდენობა გავლენას ახდენს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე. როგორც გამოცდილება აჩვენებს მაღალ სართულებზე საცხოვრებელი ბინები უფრო ძვირია. რა თქმა უნდა თუ კორპუსში ლიფტის პრობლემა არ არსებობს.
გარემონტებულია თუ არა ბინა - მყიდველების უმრავლესობას გარემონტებული ბინის ყიდვა ურჩევნია, რადგან ბინის რემონტი გარდა დამატებითი ხარჯებისა, დაკავშირებულია უამრავი დროის ხარჯვასთან და დავიდარაბასთან.
ბინის ფასის ერთ-ერთი განმსაზღვრელია ხედი, რომელიც ბინიდან იშლება. რაც უფრო ლამაზია ხედი, მით უფრო მაღალია ფასი. გარდა ამისა, თუ ბინას აივანიც აქვს ბინის ფასი ავტომატურად იზრდება.
უძრავი ქონების ღირებულებაზე გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობა და ცვალებადი ეკონომიკური პარამეტრები (მაგალითად, სავალუტო კურსი და საპროცენტო განაკვეთები).
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბინის ფასი დამოკიდებულია წელიწადის დროზეც კი. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ყველაზე მეტი ბინა ზაფხულობით იყიდება. ასევე აქტიური პერიოდია ახალი წლის დღეები, რადგან სადღესასწაულოდ კომპანიების უმრავლესობა მომხმარებელს უამრავ აქციას და ფასდაკლებას სთავაზობს.