თეგებით ძიება

მინიმალისტური სტილის სახლი - შესანიშნავი სივრცე თანამედროვე ადამიანისთვის

ხელოვანი ადამიანი ყოველთვის ცდილობს შექმნას სივრცე, სადაც მუშაობაში ხელს არაფერი შეუშლის და ყურადღებას არაფერი გაუფანტავს. სწორედ ასეთია ბრიტანელი მუსიკოსი, მხატვარი და ფოტოგრაფი მაიკლ კაირო, რომელმაც მშობლების სახლის ეზოში ყველა შემოქმედის საოცნებო სახლი ააშენა.

თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინის მოყვარულებს ვთავაზობთ ამ საოცარ სახლში მოგზაურობას, რომელიც ნებისმიერი თანამედროვე ადამიანისთვის იდეალური საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი გახდება.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა და უამრავი ქვეყანა ნახა,  მაიკლმა გადაწყვიტა, რომ მშვიდი ცხოვრების დრო დადგა და  შესაფერისი სახლის ძებნა დაიწყო. შემოქმედებითი სულის მქონე, თავისუფლების მოყვარე ადამიანისთვის პატარა, ბნელ ოთახში ცხოვრება წარმოუდგენელი იყო, ამიტომ  მშობლების სახლის ეზოში საკუთარი, მინიმალისტური სტილის  სახლის აშენება გადაწყვიტა, სადაც მშვიდად ცხოვრებას და შემოქმედებით საქმიანობას შეძლებდა. 

თავდაპირველად, მაიკლი ხის სახლის აშენებას გეგმავდა, მაგრამ მოგვიანებით უფრო ცეცხლგამძლე და საიმედო მასალის არჩევა გადაწყვიტა. ახალგაზრდა კაცმა ფასადის მოსაპირკეთებლად წითელი აგური შეარჩია, რომელიც უკანა ეზოს სიმწვანესაც და მიმდებარე შენობებსაც ბუნებრივად მიესადაგებოდა. სახლის საძირკველი და ბეტონის ბალიში უსაფრთხოებისა და საიმედოობის ყველა წესის მიხედვით აშენდა. 

ნაგებობის მახასიათებლები

მაიკლის მშობლიურ ქალაქში მოქმედი კანონმდებლობისა და სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით, შენობის უკანა ეზოში მდებარე შენობა მიშენებად ითვლება, თუნდაც მისი ზომა 44 კვ.მ იყოს.

იმის გათვალისწინებით, რომ მინიმალისტური, სტუდიოს ტიპის სახლი მიწის ნაკვეთის თითქმის მთელ სიგანეს იკავებს, პატარა ფანჯრები მხოლოდ სამზარეულოს, აბაზანასა და ერთ ოთახშია. სახლის წინა მხარეს, რომელიც  მშობლების სახლს უყურებს, მაიკლმა გასაწევი მინის კარი დაამონტაჟა. მისი და ჭერის მინის ლუქების წყალობით ახალგაზრდა კაცის სახლში  მაქსიმალურად ბევრი მზის სხივი ხვდება.

ინტერიერის დიზაინში  მაიკლი უპირატესობას მონოქრომულობას ანიჭებს - ჭერი, კედლები და ავეჯი თეთრი ფერისაა, რბილ ავეჯს, აბაზანისა და სამზარეულოს კერამიკული ფილებს კი  პასტელისა და ქვიშის ფერები დაჰკრავს.  კარის ჩარჩოები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მუსიკალური ინსტრუმენტები ინტერიერის საერთო დიზაინთან კონტრასტული, შავი შეფერილობისაა.

იმისთვის, რომ პატარა სახლმა საცხოვრებელი სივრცის როლიც შეასრულოს და შემოქმედებითი სახელოსნოსიც, ყველა საჭირო ზონა აქვს.  შესასვლელ კართან ვრცელი მისაღები ოთახი მდებარეობს, სადაც დიდი, მოსახერხებელი დივანი დგას. მაიკლს პრინციპულად არ სურს თეთრ კედელზე ტელევიზორის დაკიდება. სამომავლოდ ის მისაღები ოთახის თავისი ნამუშევრების საგამოფენო სივრცედ გამოყენებას გეგმავს (მუსიკის გარდა, ის მხატვრობით და  ფოტოგრაფიითაც დაინტერესებულია). სახლს "თბილი იატაკი" აქვს, ამიტომ ბუხარის, რადიატორების ან სხვა გამათბობელი მოწყობილობების დაყენება, რომლებიც დიდ ადგილს იკავებენ, საჭირო არაა. 

მისაღებ ოთახს სასადილო ფართი მოჰყვება, რომელიც L - ფორმის სამზარეულოს გაგრძელებაა. დიდი მაგიდის გამოყენება, რომელიც 5-6 ადამიანს იტევს, საზეიმო სუფრებისთვსაც შეიძლება და ხატვის დროს, სამუშაო სივრცედაც.

ვინაიდან სტუდიოს ტიპის სახლი მარტოხელა მამაკაცისთვის აშენდა, სამზარეულო მინიმალური ავეჯით და ტექნიკითაა აღჭურვილი.

სამზარეულოს მოპირდაპირე მხარეს ხის კიბე მდებარეობს, რომლის ქვეშ არსებულ სივრცეს მაიკლი ტანსაცმლის შესანახად იყენებს. იქვეა მუსიკალურ სტუდიაში შესასვლელი, სადაც მაიკლი საკუთარ ნაწარმოებებს იწერს და ამუშავებს. ხმის ჩამწერი მოწყობილობებისა და კომპიუტერის გარდა, სტუდიაში რბილი დივანიც დგას, სადაც მუსიკოსს დასვენება და ფიქრი შეუძლია. 

სტუდიის გვერდითაა კეთილმოწყობილი აბაზანა შხაპით, ნიჟარით და კარადით კოსმეტიკური და სარეცხი საშუალებების შესანახად. დიდი მრგვალი სარკე და პატარა ფანჯარა აბაზანას სივრცეს და მოცულობას მატებს. 

მაიკლის სახლში საძინებელი ოთახი ლოფტის დონეზეა განთავსებული, რამაც სახლის ქვედა ნაწილში მეტი სივრცე გაათავისუფლა. ვინაიდან სახურავი A-ს ფორმისაა, ლოფტის ცენტრში სრულ სიმაღლემდე გამართვაც კი შეიძლება. 

და ბოლოს, აღვნიშნავთ, რომ მაიკლმა საკუთარი სახლის დაპროექტების, აშენებისა და დიზაინის ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. ახლა ამ ადგილს თამამად შეიძლება ახალგაზრდა შემოქმედის ცხოვრებისა და მუშაობისთვის იდეალური ადგილი ვუწოდოთ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა