თეგებით ძიება

ინტერიერის დიზაინი - რა იქნება ტრენდული 2025 წელს?

2025 წელს ინტერიერის დიზაინერები ყურადღებას კომფორტზე მდგრადობაზე და მინიმალიზმზე ამახვილებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლების დიზაინში გამოყენებული იქნება კომფორტული რბილი დივნები, რბილი ტექსტილი, ბუნებრივი მასალები და ფერები, მცენარეების სიმრავლე და ბუნებრივი განათება. ჩვენ გიამბობთ რა ტენდენციები უნდა გაითვალისწინოთ თუ უახლოეს მომავალში რემონტის დაწყებას გეგმავთ.

იაპონური სტილი და კრაფტი

მომავალი წლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია იაპონური სტილის ინტერიერი იქნება. ეს მინიმალიზმის ეთნიკური მიმართულებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იაპონურ სახლში წამყვანი პოზიცია ნეიტრალურ ფერებს უჭირავთ. მაგალითად, თეთრს და მის ნათელ ჩრდილებს: ღია ბეჟისფერს, რძისფერს და კრემისფერს. 2025 წელს ინტერიერის დიზაინში ტრენდული იქნება ღია ფერის ხე, ბუნებრივი მასალები, დაუმუშევებელი ზედაპირები, უხეში ქსოვილები, ნაქსოვები და ა.შ. ბინის ინტერიერი დაბალანსებული და სტაბილური უნდა იყოს. ეს  ლაკონური, ასკეტიზმამდე მისული მინიმალისტური სივრცეა, მაგრამ ამავდროულად მყუდრო ფორმები და ტექსტურა აქვს. 

ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მასალები

ეკოლოგია და ბუნებრივი მასალები 2025 წელს და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური იქნება. შესაბამისად, ინტერიერში მეტი დაუმუშავებელი ხე და ქვის მასალა და ნაკლები პლასტმასი იქნება. ქსოვილებში აქცენტი გაკეთდება ბამბაზე, სელზე, აბრეშუმსა და ბამბუკზე და რა თქა უნდა, არავითარი სინთეტიკა! 

რბილი და მრგვალი

მომავალ წელს ტრენდული რბილი, ღრმა დივნები და ტრანსფორმერი სავარძლები იქნება. ეს ტენდენცია ტექნოლოგიების განვითარებასთან და ინფორმაციული სტრესის ზრდასთან ერთად წარმოიშვა. მარტივი გეომეტრიული ხაზებისა და ბუნებრივი ფერების რბილი ავეჯი თავის ამოცანას შესანიშნავას უმკლავდება. დიზაინერები ვარაუდობენ, რომ ავეჯის დეკორში 1970-იანი წლების ფუტურიზმი, მომრგვალებული დეტალები და თაღოვანი ელემენტები საკმაოდ დიდხანს დარჩება.

ფერები და ციფრული ბეჭდვა 

2025 წელს აქცენტი გაკეთდება ბუნებრივ ფერებზე, რაც მშვიდ ატმოსფეროს შექმნის. მწვანე, ყავისფერი, ზეთისხილის და ტერაკოტის ჩრდილები მთავარი ფერები გახდება. ამასთან, მონოქრომია ნელ ნელა მოდიდან გადავა. შეახამეთ ფერები, შექმენით საკუთარი ფერთა პალიტრა და ის დიდხანს გაგახარებთ. მთავარია არ გადააჭარბოთ და ლოკალურად რთული ჩრდილები სივრცეში გამოიყენოთ. განსაკუთრებით აქტუალური იქნება ქსოვილებში ცხოველური პრინტები. შეგიძლიათ საყვარელი ოთახის ერთ-ერთ კედელზე სწორედ ასეთი პრინტის  შპალერი გააკრათ. 

სხვათა შორის, ჰოლივუდის მსახიობებში ცხოველური პრინტი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშიც პოპულარული იყო. რამდენიმე წლის წინ ის ძალიან ვულგარულად ითვლებოდა, მაგრამ ახლა კვლავ ტრენდშია.

კიდევ ერთი ტენდენცია - სადა, ერთფეროვანი თეთრეული, რომელისაც დიზაინერები ბოლო წლების განმავლობაში უპირატესობას ანიჭებდნენ, ნახატებიანი თეთრეულით იცვლება. 

მეტი მცენარე, ვინტაჟი და კერამიკა

2025 წელს მცენარეები დახურულ სივრცეებს დაუბრუნდებიან, რაც ლამაზი ბუნების და ქუჩის ცხოვრების ბინაში შეტანის სურვილს უკავშირდება. ეკო სტილის ინტერიერში როგორც დიდი, ისე პატარა მცენარეების გამოყენება შეგიძლიათ. მთავარია არა გამხმარი ყვავილები ან ეგზოტიკური მცენარეები, არამედ ზუსტად ის მცენარეები გაახაროთ, რომლებსაც  ფანჯრის მიღმა ხედავთ. 

ვინტაჟი ჯერ კიდევ პიკზეა და აქტუალობას არ დაკარგავს. კოლექციონერები მთელი მსოფლიოდან ძვირფას ნიმუშებზე ნადირობენ, ახალგაზრდები კი ბებიის დანატოვარ კარადებს და სკივრებს რესტავრაციას უტარებენ და ჯერჯერობით, ასე გაგრძელდება. სასურველია ინტერიერში ხელნაკეთი კერამიკის დამატებ, თანაც მარტო აბაზანასა და სამზარეულოში კი არა, ყველგან. 

უხილავი და ბუნებრივი შუქი

2025 წელს „უხილავი შუქის“ ტენდენცია გრძელდება. ოთახში ბუნებრივი შუქის დიდი რაოდენობით არსებობა ეკო ინტერიერის აუცილებელი მოთხოვნაა. თუკი ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია ხელოვნური განათების წყაროები დაამატოთ, მაგრამ  დიდი ზომის, დატვირთულ ჭაღებს უნდა ერიდოთ. შესაბამისად, სანათები უფრო მცირე ზომის და შეუმჩნეველი  ხდება. ტრადიციული განათება ოთახის ცენტრში ერთი ჭაღის განთავსებით აქტუალობას კარგავს, რადგან ის არქიტექტურული ან ფუნქციონალური განათების შესაძლებლობებს უარყოფს.

წელს პოპულარული იქნება წერტილოვანი განათების ტიპები, ჩაშენებული და უხილავი სანათები, ასევე ჭერის ატმოსფერული განათებები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა