2025 წლის ანტიტრენდი - ბროლი მარმარილოს ნაცვლად - ინტერიერის რომელი ნივთები უნდა მოაცილოთ სახლიდან?
2025 წელთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში ახალი იდეებისა და თამამი გადაწყვეტილებების პერიოდი დადგა. თუ გსურთ, რომ ახალ წელს თქვენი სახლი ძველებურად ტრენდული და აქტუალური იყოს, ერთად გავარკვიოთ, რომელი ნივთების გადაყრის ან კარადის შორეულ თაროზე მოთავსების დროა.
1. მარმარილო - ნახვამდის, ცივი ქვა!
ამბობენ, რომ მარმარილო ფუფუნების სიმბოლოა, მაგრამ ბოლო დროს ის ისეთივე აცვეთილი და ჩვეულებრივი გახდა, როგორც ძველებური, მაღალწელიანი ჯინსი! 2025 წელს ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ცივ ქვაზე, რომელიც მუზეუმის ექსპონატს უფრო წააგავს, ვიდრე მყუდრო ინტერიერის ელემენტს.
გირჩევთ მარმარილო ბროლით და 90-იანი წლების დეკორით ჩაანაცვლოთ! ბროლი ხომ ძალიან ლამაზი და წარმოუდგენლად ელეგანტურია?
ბროლი ინტერიერს სიმსუბუქესა და დახვეწილობას მატებს, მისი ბზინვარება კი სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის. ცივი ქვის ნაცვლად, 90-იანი წლების ნათელი ფერები და თამამი ფორმები შესანიშნავი არჩევანია.
2. მშვიდობით ერთფეროვნებავ - მრავალფეროვნება ჩვენი არჩევანია!
მონოქრომული დიზაინი, როგორც წესი, ერთი ძირითადი ფერის სხვადასხვა ჩრდილებისა და ტონალობებისგან შედგება. ასეთი ფერთა სისტემა ძალიან უხდება ნებისმიერ ოთახს და მას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს, თუმცა ერთი და იგივე სტილში ხანგრძლივი ცხოვრება ყოველდღიურად ერთი და იგივე ტანსაცმლის ჩაცმას ჰგავს! გირჩევთ ახალ წელს მონოქრომულ ინტერიერს დაემშვიდობოთ და მრავალფეროვნებას მიესალმოთ!
სასურველია, რომ თითოეულ ოთახს თავისი ინდივიდუალიზმი და ხასიათი ჰქონდეს. მაგალითად, საძინებელს მყუდრო სკანდინავიური სტილი უხდება, მისაღებ ოთახს ნათელი ბოჰოს სტილი, სამზარეულოს კი - თანამედროვე მინიმალიზმი.
მრავალფეროვნება თქვენს სახლს უფრო საინტერესოს გახდის. ცხოვრება ხომ ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ თავი შეიზღუდოთ!
3. მონოქრომული კომპლექსი - ნათელი ფერების დროა
თუ თქვენი ჭურჭლის კომპლექტი ერთფეროვანი თეფშებისა და ჭიქებისგან შედგება, დროა განალებაზე იზრუნოთ, რადგან ერთფეროვნება იმდენად მოსაწყენია, რომ ასეთ ჭურჭელში ჩაიც კი გემოს კარგავს.
2025 წელს ტრენდული ფერადი და მრავალფეროვანი ჭურჭელი იქნება, რომელიც თქვენს სადილს უფრო მხიარულს და დასამახსოვრებელს გახდის.
4. ოქროსფერი დეკორაციის ნაცვლად, ლითონის ფერი
ოქრო და ოქროსფერი უკვე იმდენად გაცვეთილი და მოსაწყენია, რომ უფრო თანამედროვე, ლითონის ფერებით უნდა ჩავანაცვლოთ.
2025 წელს მოდაში ვერცხლის, ბრინჯაოს და სპილენძის ფერები იქნება. ისინი ინტერიერს თანამედროვეობას მატებენ და სხვადასხვა ფერებსა და ტექსტურებს შესანიშნავად ერწყმიან.
გამოიყენეთ ლითონის ელემენტები ნათურებში, სურათის ჩარჩოებსა და აქსესუარებში, რომ თანამედროვე და ელეგანტური ინტერიერი შექმნათ. რატომ უნდა დარჩეთ წარსულში, როცა მომავალი ასე ნათელია?
5. ნახვამდის ხელოვნურო ბეწვო!
ბოლო წლებში ხელოვნური ბეწვი ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ 2025 წელს აქცენტი უფრო ბუნებრივ და ეკოლოგიურ მასალებზე კეთდება. ხელოვნური ბეწვი? ეს სიცხეში სინთეტიკური ქსოვილების ტარებას ჰგავს - არასასიამოვნო და არაბუნებრივია!
ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ბუნებრივი ბოჭკოებისგან დამზადებული ქსოვილები გამოიყენოთ, როგორიცაა ბამბა, აბრეშუმი ან შალი. ბუნებრივი მასალები ეკოლოგიური დიზაინის არსში უკეთ ჯდება და ფუნქციური და ჰარმონიული სივრცეების შექმნაში ეხმარება.
ინტერიერის მოძველებული დეკორაციების თანამედროვე და ელეგანტური აქცენტებით ჩანაცვლებით, თქვენ შექმნით სივრცეს, რომელშიც ცხოვრება და მუშაობა სასიამოვნოა. სცადეთ და აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.