თეგებით ძიება

სამი ქალი ზარზმის წინამძღვარს, ნიკოლოზ გეწაძეს სექსუალურ შევიწროვებაში ამხელს

ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, ახალგაზრდა ქალები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. სავარაუდოდ საუბარია 5–ზე მეტ ადამიანზე. სამი მათგანი "სამხრეთის კარიბჭეს“ უყვება, როგორ სთავაზობდა მოძღვარი, აღსარების ჩაბარების დროს, სექსუალურ ურთიერთობას. 

ზარზმის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია სოციალურ ქსელში 3 იანვარს დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნიკოლოზ გეწაძეს სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, მღვდელმსახურება შეუჩერეს.

არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს "სამხრეთის კარიბჭე" ტელეფონით დავუკავშირდა, იგი ფაქტს უარყოფს: „არ მცალია. ყველაფერს ნუ დაიჯერებთ“, – თქვა მან.

სამივე გოგონა 30 წლამდეა. ამბობენ, რომ ფაქტის გახმაურების შემდეგ, მათზე მრევლის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

ნინო – ფეხზე რომ ავდექი უკანალზე შემეხო

ნინო (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ შემთხვევა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მოხდა, სასულიერო პირის კელიაში. თვეების განმავლობაში ამ ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა, ამბობს, რომ გახსენება დღემდე უჭირს.

„ორი წლიდან ვიცნობ მამა ნიკოლოზს. მისი სულიერი შვილი ვარ 6–7 წლიდან, უფრო სწორად ვიყავი. ეს დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მოხდა, მამაოს ჩავაბარე აღსარება იმაზე, რასაც მძიმე ცოდვად აღვიქვამდი. მოვუყევი და ტირილი დავიწყე, იფიქრა, რომ ამ ცოდვაზე „დამიჭირა“ და შეძლებდა ჩემზე მანიპულაციას. დაიწყო ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მეუბნებოდა – ცოდვაში რომ მნახო რას გააკეთებ? ჯოჯოხეთში ჩამოგყვები.. ურთიერთობაში აბსოლუტურად  ყველაფერს მოგცემ, ოღონდ ვიღაც „შალიკოში“ არ გამცვალოო. შენს გვერდით დავეცემიო. ფიზიკურადაც შემავიწროვა, მითხრა ფეხზე ავმდგარიყავი, როდესაც ავდექი, ტუჩებში მაკოცა და ხელით უკანალზე შემეხო“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალგაზრდა ქალი.

მისივე თქმით, უარის შემდეგ, სასულიერო პირმა ფსიქოლოგიური ზეწოლა განაგრძო:

„მითხრა, რომ ეგოისტი ვარ, სიყვარული არ შემიძლია, არაფერს არ ვაძლევ საპასუხოდ როცა ჩემს გამო ამხელა მსხვერპლზე მიდის. მაგრამ მე მაინც უარი ვუთხარი, აღარ მივდიოდი მასთან. ამ ფაქტის შემდეგ დამიბარა და მითხრა, დადგება დრო როდესაც ისეთ მდგომაროებაში იქნები, რომ შენ თვითონ მომთხოვ ყველაფერს და შენ გადმოდგავ ამ ნაბიჯსო“, – ამბობს იგი.

მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ნინო მომხდარის შესახებ დუმდა, ეშინოდა, რომ მის ნათქვამს არასწორად გაიგებდნენ და არ დაუჯერებდნენ.

ნათია – აღსარების დროს კალთაში ჩამისვა

იგივე მიზეზით წლების განმავლობაში მომხდარს საუდუმლოდ ინახავდა ნათიაც (სახელი მისივე თხოვნით შეცვლილია). ისიც ნიკოლოზ გეწაძის მრევლი იყო. როგორც ნათია ამბობს, შემთხვევიდან ერთ წელზე მეტია გასული. სასულიერო პირმა აღსარების დროს ჯერ სექსუალურ თემაზე დაუსვა კითხვები, შემდეგ კი ურთიერთობა შესთავაზა:

„ერთ–ერთი მათგანი ვარ, რომელთანაც ჰქონდა მცდელობა, მაგრამ მალევე დავაღწიე თავი და წამოვედი. საუბრები ჰქონდა ჩემთან რომ დავეყოლიებინე იმაზე, რისი გაკეთებაც არ მინდოდა. ერთ–ერთი აღსარების ჩაბარების დროს ვტიროდი და კალთაში ჩამისვა, ავდექი და გადავჯექი, მითხრა რატო გადაჯექიო, იმ წამს რაც მოვაფიქრდა ის ვუთხარი – ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს–მეთქი. მთავაზობდა რომ ჯოჯოხეთში ჩამომყებოდა ჩემთან ერთად და დამანახებდა თავის ცოდვას. მკითხა, ჩემს თვალწინ თუ დაეცემოდა და მასტურბაციით თუ დაკავდებოდა, ამ შემთხვევაში რა რეაქცია მექნებოდა, თუ განვსჯიდი. მითხრა, რომ თუ მასთან ვიქნებოდი ვიღაც შალიკოში არ უნდა გავეცვალე. გამიკვირდა, არ ვიცოდი რა მეპასუხა, შოკში ჩავვარდი. შემდეგ უკვე თავის მართლება დაიწყო. მე ვეუბნებოდი, რომ არ მინდოდა მისგან მსხვერპლი, რადგან არ მინდოდა სანაცვლოდ რამე გამეღო. ვთხოვდი ისევ მოძღვრის და მრევლის ურთიერთობა გვქონოდა“, – ამბობს ნათია.

 მისი თქმით, სასულიერო პირმა გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვე მისცა: „ან იქნები ბოლომდე ჩემთან, ან წახვალო. ერთი კვირის შემდეგ ვუთხარი, რომ მივდიოდი, მაგრამ ვერ უთხარი რის გამოც მივდიოდი“.

ნათია გვიყვება, რომ მოძღვარი თავიდან აღსარებას ეკლესიაში იბარებდა, შემდეგ, ნიკოლოზ გეწაძის მოთხოვნით, სახლში (ტაძრის ეზოში მდებარე კელიაში) დაიწყო სიარული:

„არ შემპარვია ეჭვი, უფრო ვფიქრობდი, რო ფეხზე დგომით იღლებოდა და ამიტომ გვიბარებდა თავის სახლში. ყველას სხვადასხვა დროს იბარებდა. ვერავის მოვუყევი ამ ფაქტის შესახებ, რადგან მეგონა ყველა მე გამომიყვანდა ისეთ ადამიანად, რომელსაც რაღაცები ეჩვენება. სანამ არ გავიგე, რომ ეს ფაქტი სხვასაც დაემართა იქამდე ხმა არ ამომიღია“, – ამბობს ნათია.

არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძის მხრიდან, მრევლის სექსუალურად შევიწროვების ბოლო ფაქტის შესახებ ინფორმაცია გასული წლის სექტემბერში გაჟღერდა. გოგონები ამბობენ, რომ მაშინ გაირკვა, რომ „მსხვერპლი არა მხოლოდ ისინი, არამედ გაცილებით მეტი იყვნენ“.

გიორგი – ჩემი მეგობარი ატირებული გამოვარდა ოთახიდან

ბოლო შემთხვევა, რომელიც 19 სექტემბერს მოხდა, გიორგის  (სახელი შეცვლილია) მეგობარ გოგოს შეემთხვა. გიორგი 10 წელზე მეტია ნიკოლოზ გეწაძის მრევლია, იგივე მოძღვარი ჰყავდა მის მეგობარსაც.

„ჩემი სიულიერი მოძღვარი იყო. მიბარებული მქონდა ამ ადამიანზე სული. ჩემს საკუთარ სახლში, შეეხო ჩემს მეგობარ გოგოს როგორც კაცი–ქალს, ისე. ფიზიკური ურთიერთობა არ ჰქონია, აკოცა. ძალიან მძიმე ფაქტი იყო, ენით აღუწერელია ამხელა დარტყმა და ტრაგედია. ზარალი სულიერი თუ ხორციელი. ატირებული გამოვარდა ოთახიდან, მომიყვა ყველაფერი, მე მაშინ არაფერი მითქვამს მამა ნიკოლოზისთვის, ვცდილობდი გოგო დამეწყნარებინა, ძალიან განადგურებული იყო, ამის მერე თავის მოკვლასაც ცდილობდა და გადავარჩინე. თითქმის სამი თვის განმავლობაში ვმალავდი, ისე განვივიხლეთ 2–3–მა ადამიანმა. გვეგონა რომ ამ ერთხელ შეცდა, შემდეგ გავიგეთ, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა.

მე არ ვარ მტერი ნიკოლოზ გეწაძის, არ მინდა მისი  ამოძირკვა, მაგრამ მინდა პასუხი აგოს ამ ყველაფერზე. აქ არ არის მხოლოდ ჩემი მეგობარი გოგო, აქ იყვნენ თავის დროზე არასრულწლოვანი ბავშვებიც, გოგონებიც მათ ავიწროვებდა სექსუალურად. ეს ადამიანი არ უნდა დაბრუნდეს ზარზმაში ეს არის ჩვენი პირველი მოთხოვნა“, – ამბობს გიორგი.

სექსუალური შევიწროვების შემთხვევას იხსენებს, კიდევ ერთი ადგილობრივი, თუმცა მედიასთან არც ღიად და არც ანონიმურად საუბარი არ სურს.

„გადაეცით, რომ არასრულწლოვნობის პერიოდში ნიკოლოზი ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და სექსუალურად მავიწროვებდა. მაგრამ დეტალებზე საუბარი არ მსურს, „დაუქსრინე“ და გაუგზავნე“, – უთხრა ნათიას კიდევ ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც ახლა სრულწლოვანია.

როგორც გოგონები ამბობენ, 19 სექტემბერს მომხდარის შემდეგ, გაბედეს, რომ მათაც ამოეღოთ ხმა და ეთქვათ სიმართლე. ისინი ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს საპატრიარქოში შეხვდნენ და ყველაფერს მოუყვნენ. შეხვედრა გასული წლის ბოლოს მოხდა.

„თავიდან ამ ფაქტის შესახებ არასად მითქვამს. ძალიან რთულია ამ საკითხზე საუბარი, ოჯახის წევრებსაც ვერ ვეუბნებოდი. თან არ მიდოდა ეკლესიის და სხვა ბერების დაზარალება. ამიტომ ვიკავებდი თავს. რატომღაც მეგონა, რომ მხოლოდ ჩემთან შეცდა. შეცდომას კი ყველას ვპატიობთ, მაგრამ ეს ხომ განზრახ მომხდარია. მრევლი ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ვიკითხე და სხვა გოგონებმაც დამიდასტურეს.

დაახლოებით ორი თვის წინ, როცა გავიგე რომ სხვა ფაქტებიც მოხდა, მივმართეთ მეუფე თეოდორეს. ეს იყო ნოემბრის ბოლო – დეკემბრის დასაწყისი. მეუფე თეოდორემ ძალიან განიცადა და სასჯელიც მიცა მამა ნიკოლოზს –  განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა მღვდელმოქმედება. ჩვენი მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ სხვა ქალები გადაგვერჩინა, იმიტომ ავიმაღლეთ ხმა და მივედით საპატრიარქოში“, – ამბობს ნინო.

მისივე თქმით, სექსუალური შევიწროვების ფაქტების შესახებ გოგონებმა მეუფე თეოდორეს ცალ–ცალკე მოუყვნენ. ყველა მათგანი კი ზნეობის კომისიის  გადაწყვეტილების გასაცნობად, 2024 წლის 30 დეკემბერს დაიბარეს საპატრიარქოში.

„ჩვენ მოვითხოვეთ  სასამართლო, სადაც იქნებოდა ნიკოლოზიც და სხვა სასულიერო პირებიც და იმართლებდა თავს თუ ამას შეძლებდა და ჩვენ დავუპირისპირდებოდით მას, მაგრამ არ ისურვა ჩვენთან მოსვლა და წავიდა საფრანგეთში.

ეს ამბავი ოჯახის წევრებმა ესე დეტალურად არ იციან, მათ ვუფრთხილდები. ერთადერთი რაც მჭირდება სამართლის აღსრულებაა, უნდა დაისაჯოს სათანადოდ. ჩემი აზრით სამუდამოდ მორჩილებასა და სინანულში უნდა იყოს. სამუდამოდ უნდა შეუჩერდეს მღვდელმსახურება.

მისნაირი ადამიანების ადგილი ციხეშია მაგრამ, რადგან საეკლესიო სამართალია, სამუდამოდ უნდა შეუჩერდეს მღვდელმსახურება, რომ სხვა აღარ დააზიანოს“, – გვითხრა ნინომ.

გოგონები ამბობენ, რომ ფაქტის გახმაურების შემდეგ, მამა ნიკოლოზს მრევლიდან მხარდამჭერები გამოუჩნდნენ, ისინი გოგობებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ და ემუქრებიან.

„არის ზეწოლები, ცდილობენ, რომ უკან დაგვახევინონ. სოციალურ ქსელში ბევრი კომენტარები იწერება მუქარის შემცველი. ამბობენ, რომ ჩვენ ცილისმწამებლები ვართ და ყველაფერი ვიკადრეთ. ეს ძალიან რთულია, როცა ისედაც მძიმე რაღაც გადაიტანე და ხალხი შენზე ახდენს ზეწოლას.

„6–7 უღირსი პიროვნება ვერ გადაწყვეტს  ამ ტალახის სროლას. უმრავლესობა ვართ მის გვერდით და თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, მერე მოხდება საშინელება. უფალო დაგვიფარე“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ–ერთი მოქალაქე.

„ვფიქრობ დროა ამოვიღოთ ხმა ვაიძულოთ ფარისევლები, ცილისმწამებლებიდ მატყუარები ბრალი აღიარონ. ან აიკრიფონ გუდა–ნაბადი და დატოვონ ზარზმა, ან აღიარონ სიმართლე“, – წერს კიდევ ერთი ფეისბუკ მომხმარებელი.

რატომ დატოვა ზარზმის მონასტერი ორმა სასულიერო პირმა

როგორც გოგონები ჰყვებიან, მას შემდეგ, რაც არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძე სექსუალურ ძალადობაში ამხილეს, მონასტერი ორმა სასულიერო პირმა დატოვა.

ერთ–ერთ მათგანს „სამხრეთის კარიბჭე“ ესაუბრა. ბერი კონსტანტინე ამბობს, რომ მისი მონასტრიდან წასვლა ნიკოლოზ გეწაძის არ უკავშირდება.

„მე ზარზმა დედაჩემის გამო დავტოვე, ის ავად არის. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რაც არ მინახავს იმაზე როგორ გესაუბროთ? როგორც თქვენ იცით, ისე მე, ჭორი, ჭორი და ჭორი. ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი. ტყუილია, რაღაცებს მაბრალებენ“, – გვითხრა მან.

აღნიშნულ საკითხზე ხომ არ უსაუბრია არქიიმანდრიტ ნიკოლოზთან:

„არა, რატომ უნდა მქონოდა საუბარი? მე ჩემს პრობლემაზე ვესაუბრე და წამოვედი მშვიდობიანად. ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარე, დედაჩემის გამო. სავარაუდოდ მამა ბასილიც მაგიტომ ავიდა. დედამისსაც ფეხი აქვს მოტეხილი“, – გვითხრა მან, თუმცა ტელეფონის ნომერი არ მოგვცა: „მასთან შეთანხმების გარეშეს ვერ მოგცემთ, როცა შევხვდები გადავცემ“, – თქვა მან.

იგი კატეგორიულად უარყოფს მონასტერში რაიმე დაპირისპირებას. მან დაგვიდასტურა, რომ არქიმანდრიტი ნიკოლოზი აღსარებას კელიაში იბარებდა, მაათ შორის სასულიერო პირების, ქალების და კაცებისაც.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა