პატარკაციშვილის შვილმა ლონდონში 32 მილიონ ფუნტად ნაყიდი სახლი ჩრჩილის გამო დააბრუნა
მილიარდერის ქალიშვილმა, რომელმაც "ჩრჩილით სავსე“ სასახლე იყიდა, სასამართლო დავა მოიგო - წერს უცხოური მედია, ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილზე, ია პატარკაციშვილზე.
ბრიტანული "დეილი მეილის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ია პატარკაციშვილმა მეუღლესთან, სტომატოლოგ დოქტორ ევგენ ჰუნიაკთან ერთად, 2019 წლის მაისში ნოთინგ ჰილში, დასავლეთ ლონდონში მდებარე სახლი 32.5 მილიონი ფუნტად იყიდა.
გამყიდველი გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ნიჩბოსანი და ქონების დეველოპერი, უილიამ ვუდვარდ-ფიშერი იყო, რომელმაც სახლი 2011 წელს იყიდა. პატარკაციშვილმა და ჰუნიაკმა იყიდეს შვიდოთახიანი სახლი აუზით, სადაც ასევე არის სპა, სპორტული დარბაზი, ღვინის ოთახი, ბიბლიოთეკა და კინოთეატრი. სახლში გადასვლიდან რამდენიმე დღეში მათ აღმოაჩინეს, რომ შენობაში უამრავი ჩრჩილი ბინადრობდა, რომლებმაც ტანსაცმელი და ავეჯი დააზიანეს.
წყვილმა ვუდვორდ-ფიშერს უჩივლა და გარიგების გაუქმება მოითხოვა. სასამართლომ გარიგება გააუქმა და გამყიდველს თანხის დაბრუნება დაავალა, თუმცა საწყის თანხას ქონების სარგებლობისთვის 6 მილიონი ფუნტი გამოაკლდა. გამყიდველს ასევე დაევალა ზარალის ასანაზღაურებლად დამატებით 4 მილიონი ფუნტის გადახდა.