როგორ მოვიქცეთ, თუ განქორწინების შემდეგ მეუღლეს ქონების გაყოფა არ სურს - იურისტის რჩევები
იურისტი, საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, გვანცა გურგენიძე ჩვენი მკითხველის კითხვებს პასუხობს.
- ამბობენ, თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებზე ახალი კანონი გამოვიდაო. მაინტერესებს რამდენად შემეხება ეს კანონი მე? წლებია თბილისში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მაქვს თვითნებურად აღებული მიწა და იქ ავაშენეთ სახლი, გავაშენე ხეხილიც და წლებია იქ ვცხოვრობ. რამდენად შევძლებ ახალი კანონით ამ ქონების დაკანონებას?
- როგორც მოგეხსენებათ, კანონი იძლევა მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესაძლებლობას. დასახელებულის ფარგლებში მნიშვნელოვანია კონკრეტულად რომელი წლიდან ფლობდით მიწის ნაკვეთს და სად მდებარეობს იგი. რომ გაიგოთ, შეეხება თუ არა რეგისტრაცია კონკრეტულად თქვენი ნაკვეთის არეალს და ხართ თუ არა რეფორმის მონაწილე, უნდა ეწვიოთ პლატფორმას MAPS.GOV.GE და გადაამოწმოთ თქვენი მონაცემები.
- ვარ შშმ პირი, მაქვს სახლი, რომელიც არ არის დაკანონებული. როგორც შევიტყვე, ახალი კანონი თბილისში მცხოვრები ადამიანების უკანონო ქონებას არ ეხება, შეიძლება თუ არა დაუშვან გამონაკლისი და როგორც შშმ პირს მეც დამიკანონდეს ეს ქონება?
- კითხვაში მოწოდებული ინფორმაციით, რაიმე სახის გამონაკლისის დაშვების საფუძველი არ იკვეთება, თუმცა ინდივიდუალური შემთხვევის განსახილველად და სახელმწიფო შეღავათების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად, ჯობს იურისტთან დეტალური კონსულტაციის გავლა.
- გარდაიცვალა ადამიანი და მის სახელზეა მანქანა გაფორმებული, ახლა ოჯახის წევრებს გვინდა ეს მანქანა გავყიდოთ, რა პროცედურების გავლა მოგვიწევს?
- ავტოსატრანსპორტო საშუალება, ისევე, როგორც პირის სხვა ქონება, წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ნაწილს. შესაბამისად, თავდაპირველად აუცილებელია ოჯახის წევრებმა მიმართონ ნოტარიუსს და მიიღონ გარდაცვლილი პირის ქონება, შემდეგ კი დასახელებული მანქანის ახალ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად განკარგოს იგი.
- მამა ცხოვრობდა სოფელში, ჰქონდა მიწები, რომელიც არ იყო საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული. მისი გარდაცვალებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, მე და ჩემს ძმას არ გაგვიკეთებია ჯერჯერობით მემკვიდრეობა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს და როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის მიწის ნაკვეთები მამაჩემის საკუთრება იყო და წლების განმავლობაში ამუშავებდა? შეგვიძლია თუ არა ამ ქონების დარეგისტრირება ჩვენ და როგორ უნდა მოვიქცეთ?
- დასახელებულ კითხვაზე პასუხი, მითუმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც დაურეგისტრირებელი ქონების მფლობელი გარდაცვლილია, მოითხოვს მეტ ინფორმაციას. მნიშვნელოვანია ისიც, მიუხედავად იმისა, რომ პირს არ ჰქონდა ქონება დარეგისტრირებული, რის საფუძველზე ფლობდა მას. დასახელებული საკითხის დეტალური განხილვა უმჯობესია ინდივიდუალურად, იურისტთან კონსულტაციის გზით.
- მშობლის გარდაცვალების შემდეგ ვცდილობ ქონების გაფორმებას. ჩემს დაბადების მოწმობაში მამის სახელი სხვა წერია, ხოლო როცა ძველი დოკუმენტები ამოიღეს არქივიდან, აღმოჩნდა, რომ მის დაბადების მოწმობაში თურმე სხვა სახელი ეწერა. ამის გამო ვერ ვახერხებ ქონების დაკანონებას, გაუთავებლად დავდივარ იუსტიციაში, მაგრამ ვერა და ვერ მივიდა საქმე ბოლომდე. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე? ამასობაში გავიდა 6-თვიანი ვადაც.
- იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ფაქტის დადგენა ვერ ხერხდება, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მოთხოვნით შესაძლებელია მიმართოთ სასამართლოს. კანონის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. ერთ-ერთ ასეთ გარემოებას წარმოადგენს სწორედ პირთა ნათესაური კავშირის დადგენა. რაც შეეხება 6-თვიანი ვადის გასვლას, თუ დასახელებულ ქონებას ფაქტობრივად ფლობდით პირის გარდაცვალების შემდეგ, შეგიძლიათ მიმართოთ ნოტარიუსს. ამასთან, ვადის გასვლის შემთხვევაშიც, შენარჩუნდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
- ბინა შევიძინე შარშან, მაგრამ მიწევს მისი გაყიდვა ვალების გამო. როგორც მითხრეს, თუ გავყიდი ბინას, დამეკისრება საშემოსავლო გადასახადი. როგორ შეიძლება ეს თავიდან ავიცილო? როდის შევძლებ ბინის გაყიდვას?
- მოცემულ შემთხვევაში საუბარია საშემოსავლო გადასახადის გადახდის თაობაზე. კანონის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლები 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი. შესაბამისად, თუ ბინის შეძენიდან გასული არ არის 2-წლიანი ვადა, მისი რეალიზაციით მიღებული ნამატი დაიბეგრება და აღნიშნულიდან გამონაკლისი არ არსებობს. თუმცა თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ საშემოსავლო გადასახადი ეხება მიღებულ შემოსავალს და ფასნამატს. ბინის იმავე ან ნაკლები ღირებულებით გაყიდვისას საშემოსავლო გადასახადი პირს არ დაეკისრება. დეტალური კონსულტაციისათვის გთხოვთ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს.
- მამის გარდაცვალების შემდეგ დამ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად და ისე გადაიფორმა ქონება, რომ სხვა მემკვიდრეებს არაფერი გვითხრა. შემდეგ ეს ქონება გაასხვისა ფიქციურად. შეგვიძლია თუ არა ვუჩივლოთ ნოტარიუსს, რადგან გვაქვს ეჭვი, რომ მას ჩემმა დამ ფული გადაუხადა და ისე გადაიფორმა უკანონოდ ეს ქონება.
- იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი ნოტარიუსის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედების თაობაზე, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
- ვაპირებ ბინის შეძენას ახალაშენებულ კორპუსში, როგორ შემიძლია დავადგინო შეესაბამება თუ არა კორპუსის ხარისხი დადგენილ სტანდარტებს?
- მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, უნდა გამოითხოვოთ ინფორმაცია სამშენებლო კომპანიისაგან, თუ რა წესების დაცვით აშენდა სახლი, მეორე მხრივ, დაგჭირდებათ შესაბამისი სპეციალიზაციისა და ცოდნის მქონე პირი, რომელიც შეაფასებს აღნიშნულს. ამასთან, ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ შესაბამისი მუნიციპალური ორგანოდან.
- 10 წელი ვიყავი ქორწინებაში და მყავს ორი შვილი. ქმარი მცემდა, საბოლოოდ იძულებული გამხადა სახლიდან წამოვსულიყავი. ბინიდან მხოლოდ ჩემი და ჩემი შვილების პირადი ნივთები წამოვიღე. ახლა მშობლების სახლში ვარ, სადაც ცხოვრობს ჩემი ძმა თავისი ოჯახით. თანაცხოვრების დროს მე და ჩემს ქმარს შეძენილი გვაქვს ბინა. ის მუშაობდა, რადგან მე შვილები პატარა მყავდა. ახლა მეუბნება, რომ ყველაფერი მისი შრომითაა შეძენილი და მე და ჩემს შვილებს არაფერს მოგვცემს. როგორც ვიცი, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება, წესით, მეც მეკუთვნის, მაგრამ ახლა გავიგე, რომ ეს ბინა სხვის სახელზე გააფორმა. ამჟამად სხვა ქონება მის სახელზე რეგისტრირებული არ არის. როგორ შემიძლია მას მოვთხოვო ჩემი და ჩემი შვილების წილი? რამდენად არის შანსი, რომ მივიღოთ ქონება?
- თავდაპირველად აღვნიშნოთ, რომ რეგისტრირებული ქორწინების არსებობისას მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დასახელებული უფლების წარმოშობა არ არის დაკავშირებული ქორწინების ხანგრძლივობასა და ქორწინების პერიოდში მეუღლეთა მიერ როლების გადანაწილებაზე. უფრო მეტიც, კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ოჯახის განვითარებაში შეტანილი წვლილი კანონისათვის არ გამოიხატება მხოლოდ ფულად ერთეულში და ორივე მეუღლეს, ბუნებრივია, წარმოეშობა თანაბარი უფლებები ქორწინების ფარგლებში შეძენილი ქონების სრულ მოცულობაზე.
რაც შეეხება ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების გასხვისების ფაქტს, აღსანიშნავია, რომ კანონის ზოგადი დანაწესის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ჩანს, რომ ქონების განკარგვა არ მოხდა შეთანხმებით. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ მან არ იცოდა გარიგების შესახებ, ან ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. თუმცა მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი. შესაბამისად, თუ ქონების სხვა პირზე გადაცემა მოხდა, მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმით, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მეუღლის მიერ დასახელებული გარიგების დადებით მიღებული სარგებლის წილი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ქონების გასხვისება მოხდა სხვა, მაგალითად, უსასყიდლო ფორმით, შესაძლებელია დავა თვალთმაქცური გარიგების თაობაზე. დამატებით აღვნიშნავ, რომ მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. შესაბამისად, მნიშვნელობა არა აქვს, პირები ოფიციალურად არიან თუ არა განქორწინებული. ამასთან, ვინაიდან კითხვიდან ჩანს, რომ ავტორს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, საინტერესო იქნება ხაზი გავუსვათ, რომ მართალია, ზოგადად მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფისას, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუმცა სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით. კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები.
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, დასჯადია და დასახელებული ფაქტების თაობაზე უნდა მიმართოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
- გამარჯობა, წლებია ქმარს გაშორებული ვარ. შვილები მე გავზარდე და არასოდეს დამხმარებია ჩემი ყოფილი ქმარი. არც ალიმენტი გადაუხდია არასოდეს, რადგან ოფიციალურ სამსახურში არ იყო, საქმე სააღსრულებოშია, მაგრამ ვერც ამ გზით მოხდა რაიმეს ამოღება. ახლა ბავშვები სტუდენტები არიან და ძალიან მიჭირს სწავლის გადასახადის გადახდა, იმის მიუხედავად, რომ ბავშვებიც მეხმარებიან და სწავლის პარალელურად მუშაობენ. როგორ შემიძლია ალიმენტი მისგან ამოვიღო, ან სწავლის გადასახადის გადახდა მას დავაკისრო?
- როგორც მოგეხსენებათ, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მართალია, კითხვაში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ვინაიდან შვილები, სავარაუდოდ, არიან სრულწლოვანი პირები, დასახელებული პირების მიმართ მშობელს სამართლებრივი ვალდებულება არ წარმოეშობა. რაც შეეხება უკვე დაკისრებული ალიმენტის აღსრულების საკითხს, იმ შემთხვევაში, როდესაც პირს არა აქვს მასზე რეგისტრირებული ქონება და ამასთან არ უფიქსირდება ოფიციალური შემოსავალი, სამწუხაროდ, სააღსრულებო ბიუროს უჭირს აღსრულება. კონკრეტულად მოცემულ საკითხზე მიმართეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გამოითხოვეთ ინფორმაცია, რა ეტაპზეა თქვენ მიმართ არსებული ვალდებულების აღსრულება და რატომ ვერ ხორციელდება აღნიშნული.