სად აშენდება ახალი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი?
თბილისში 70,000-ადგილიანი ახალი სტადიონის მშენებლობა იგეგმება. პროექტის დეტალები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა მთავრობამ ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია The Stadium Consultancy B.V. დაიქირავა, რათა შეისწავლოს შესაძლო ადგილმდებარეობები და შეიმუშაოს კონცეფცია. აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება 755,000 ევროს შეადგენს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე The Stadium Consultancy-ის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის კომპანიის დამფუძნებელ ბენ ვინბრინკს, UEFA-ს სტადიონების მშენებლობისა და მენეჯმენტის საბჭოს წევრს ჯონ ბიტის და არქიტექტორ კრისტიან ვან ჰინეკეს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განხილული იყო ახალი სტადიონის ძირითადი მახასიათებლები და მისი შესაძლო ადგილმდებარეობები. კონსულტანტებმა წარმოადგინეს კვლევების წინასწარი შედეგები, ხოლო შემდეგ ეტაპზე უფრო დეტალური კონცეფცია მომზადდება. კონსულტანტთა ჯგუფი შეიმუშავებს ტენდერის დოკუმენტაციას და სამშენებლო პირობებს. მათი მომსახურება გაგრძელდება 2029 წლის აპრილამდე. კონტრაქტის თანახმად, ისინი პროექტის ზედამხედველობასაც განახორციელებენ.
ამ დროისთვის უცნობია, რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს სტადიონის მშენებლობა. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი პროექტების ღირებულება 100-200 მილიონ დოლარსაც აღემატება. ცნობილია, რომ სტადიონი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საფეხბურთო, ასევე სარაგბო მატჩების მასპინძლობის კრიტერიუმებს. მას UEFA-ს უმაღლესი (მე-4) კატეგორია მიენიჭება, რაც შესაძლებელს გახდის, რომ მასზე მაღალი დონის საერთაშორისო მატჩები გაიმართოს. ასევე, სტადიონი იქნება მრავალფუნქციური, მასშტაბური კონცერტებისა და კონვენციებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურით.
პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მშენებლობის დაწყება 2026 წლის აპრილში იგეგმება, ხოლო დასრულება 2029 წლისთვის. მთავრობა განიხილავს აეროპორტის გზატკეცილისა და რუსთავის მიმართულებებს, თუმცა საბოლოო ლოკაცია ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.