მადლობა ევროპარლამენტარებს, რომ არასდროს ერიდებიან ჩემს ხსენებას, მათ შორის რეზოლუციებში - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მადლობა ევროპარლამენტარებს იმისთვის, რომ არასდროს ერიდებიან ჩემს ხსენებას, მათ შორის რეზოლუციებში, განსხვავებით ქართული კრიტიკული მედიებისგან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რიგით მე-6 რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მხარდამჭერები 26 ოქტომბერს არჩევნებს არ აღიარებენ, ითხოვენ ახალ არჩევნებს და საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ; მოითხოვენ მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას, ისმის მოწოდება პერსონალური სანქციების დაწესებაზე პოლიტიკური ლიდერების, მთავრობის წევრების, მოსამართლეებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ. რეზოლუციაში კვლავ ჩაიწერა ჰუმანიტარული მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, თუმცა დოკუმენტში ამ თემას ისიც დაემატა, რომ ევროპარლამენტარებს სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ.