თეგებით ძიება
14. 02. 2025 ბიზნესი

როგორი გავლენა ჰქონდა DeepSeek AI-ის გამოჩენას ბაზარზე?

ჩინური ტექნოლოგიური სტარტაპი DeepSeek-ი ამჟამად პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სკანდალური კომპანიაა, რომელიც ChatGPT-ისა და Google Gemini-ის კონკურენტ ხელოვნურ ინტელექტს ქმნის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე DeepSeek AI-ის გამოჩენას „ქარიშხალი“ მოჰყვა, რომელმაც ტექნოლოგიური ინდუსტრია თავდაყირა დააყენა, რადგან კომპანიის ფინანსური შედეგების გასაჯაროებიდან რამდენიმე წუთში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა $1 ტრილიონის კუმულაციური საბაზრო შეფასება დაკარგეს.

დაზარალებულთა შორის ყველაზე ცუდი შედეგი NVIDIA-ს ჰქონდა, რომლის აქციების შეფასება ერთ დღეში 17%-ით შემცირდა, ანუ კომპანიის კაპიტალიზაცია $600 მილიარდით დაეცა. გარდა ამისა, ცუდი შედეგები ჰქონდათ სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებსაც, მათ შორის იყვნენ: Google, Amazon, Meta, Tesla და Oracle.

ინვესტორების შეშინება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ DeepSeek-მა ხელოვნური ინტელექტის შექმნა დაახლოებით ორ თვეში, 6.5 მილიონი დოლარის ინვესტიციით შეძლო, რაც თითქმის 10-ჯერ და 100-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, თუ რა მოცულობის ინვესტიციის ჩადება მოუწიათ OpenAI-სა და Google-ს საკუთარი AI-მოდელების შესაქმნელად. ხელოვნური ინტელექტის ასეთმა გაიაფებამ გააჩინა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი უაზრო ხარჯების გაწევას და ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში ფულის გადაყრას. ცხადია, მომენტალურად გაჩნდა შეკითხვები მრავალმილიარდიან Data-ცენტრებთან და მასშტაბურ პროექტებთან დაკავშირებითაც, რადგან ინვესტორებისათვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა, თუ როგორ შეძლო ჩინურმა სტარტაპმა AI-ს შექმნა ისე, რომ ამაში ფული თითქმის არ დაუხარჯავს.

ბაზარზე DeepSeek-ის გამოჩენიდან გარკვეული დრო უკვე გავიდა და ანალიტიკოსებმა DeepSeek-ის საიდუმლო, გარკვეულწილად, უკვე ამოხსნეს. საქმე ისაა, რომ DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტი აზროვნების პროცესში სხვა სახის ლოგიკურ სტრუქტურას იყენებს, რაც შედეგს უფრო ნაკლები ენერგიის მოხმარების სანაცვლოდ იძლევა, თუმცა ხარისხიც შესაბამისია.

ამასთან, OpenAI-ში ამტკიცებენ, რომ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის გასავითარებლად ჩინურმა კომპანიამ ChatGPT გამოიყენა. გარდა ამისა, DeepSeek-ს ბრალად ედება ChatGPT-ის მიერ გენერირებული მონაცემების გამოყენება და გამოთვლითი პროცესის ამერიკულ AI-ზე დელეგირება, რაც სულ მცირე არასამართლიან პრაქტიკად ითვლება.

ამ შემთხვევაში, DeepSeek-ზე საუბარს დიდად აზრი არ აქვს, რადგან კომპანია ჩინური წარმოშობისაა, შესაბამისად, ის არ გადის აუდიტს და მის მიერ წარმოდგენილი ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ AI-ს შესაქმნელად მისმა ინვესტორებმა 6.5 მილიონი დოლარი დახარჯეს, არც გადამოწმებადია და არც დადასტურებული. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ DeepSeek-ს, წესით, წვდომა არ უნდა ჰქონდეს NVIDIA-ს უახლეს და უმძლავრეს AI-პროცესორებთან, რადგან ჩინეთი სანქცირებული სახელმწიფოა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინურ კომპანიას ათასობით NVIDIA-ს პროცესორი აქვს, რაც, სავარაუდოდ, ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლით აღმოჩნდა.

საერთო ჯამში, DeepSeek-თან დაკავშირებით რამის თქმა რთულია, რადგან ეს პროექტი მართლა 6.5 მილიონი დოლარი დაჯდა, თუ 65 მილიარდი დოლარი, არავინ იცის. განსაკუთრებით საყურადღებო კი ისაა, რომ ჩინეთის მთავრობას AI-ის განვითარება სტრატეგიულ ამოცანად აქვს დასახული, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ DeepSeek-ის დაფინანსებაზე სახელმწიფო სუბსიდიები იხარჯებოდეს და პროექტის ღირებულება გაცხადებულზე 100-ჯერ მეტი იყოს.

ინდუსტრიაზე DeepSeek-ის გავლენას რაც შეეხება, ამ მიმართულებით კომპანიამ დაგვანახა, რომ შედეგის მისაღწევად შედარებით მარტივი და იაფიანი მეთოდების გამოყენებაც არის შესაძლებელი, თუმცა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები ისევ ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს მეტი ენერგია, მეტი ფული და მეტი სიმძლავრე სჭირდება, ამიტომაც ისინი კოლოსალური ზომის Data-ცენტრების და მათ გამოსაკვებად საჭირო ბირთვული სადგურების მშენებლობას იწყებენ.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა