თეგებით ძიება

ტრაგედია, რომელმაც ყველა შეძრა - რა მოჰყვა უხარისხო მშენებლობას?

25,000-დან 38,000-მდე დაღუპული, 130,000-ზე მეტი დაშავებული და 514,000 უსახლკაროდ დარჩენილი - ასეთია იმ უდიდესი ტრაგედიის შედეგი, რომელმაც 1988 წლის დეკემბერში მთელი მსოფლიო შეძრა. 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში თითქმის სრულად გაანადგურა ქალაქი სპიტაკი, სტეფანავანი და ლენინაკანი (გიუმრი). საზოგადოებაში არასწორად გავრცელებული მითის ნგრევა, რომ საბჭოთა დროს აშენებული კორპუსები მტკიცე და უსაფრთხოა სწორედ ამ დროს დაიწყო. ხელისუფლება ვერ უძლებდა კრიტიკას, რომელიც მიანიშნებდა საბჭოთა სამშენებლო სტანდარტების სრულ კრახზე.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, საბჭოთა პერიოდში აშენებული კორპუსები არ აკმაყოფილებდნენ სეისმომედეგობის სტანდარტებს. უხარისხო სამშენებლო მასალები, არასათანადო პროექტირება და მშენებლობის პროცესში დაშვებული ხარვეზები გახდა მიზეზი იმისა, რომ კორპუსები 30 წამში განადგურდნენ.

საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფი აცხადებდა, რომ მართალია მიწისძვრა იყო ძლიერი კლასის (6.8 მაგნიტუდა), თუმცა მაინც არ უნდა გამოეწვია ისეთი მასობრივი ნგრევა 80 კილომეტრის რადიუსზე, როგორიც გამოიწვია. სპიტაკში შენობათა 87% დაინგრა, სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში კი დაახლოებით 60% ძლიერ დაზიანდა (ეპიცენტრიდან 35 კმ.-ის დაშორებით).

პანელის საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად, მიწისძვრისთვის განსაკუთრებით მოუმზადებელი აღმოჩნდა სკოლები და საავადმყოფოები. შედარებით მტკიცე კი გვირაბები და ხიდები გამოდგა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ერევანსა და თბილისშიც.

გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა კავშირის დროს პრაქტიკულად ყველგან ერთიდაიგივე სტანდარტებით შენდებოდა საცხოვრებლები, ისინი დიდი საფრთხის მატარებელია. დღესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ კორპუსებში, რომელთაც რენოვაცია, რეკონსტრუქცია ან ჩანაცვლება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს მეტწილად არასწორი რწმენა საბჭოთა კორპუსების სიმტკიცეზე, ახალ კორპუსებზე მოთხოვნა მზარდია. თანამედროვე მონოლითური კორპუსები და მკაცრი რეგულაციები სესმომედეგობის უფრო დიდ გარანტიას იძლევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა