თეგებით ძიება

6 რჩევა, რომელიც ინტერიერის დაგეგმვაში დაგეხმარებათ

ინტერიერის დაგეგმვა შეიძლება ჩანდეს რთული და გადატვირთული პროცესი, განსაკუთრებით თუ ეს თქვენი პირველი გამოცდილებაა. სივრცის ორგანიზება, სტილის შერჩევა, ფუნქციონალური გადაწყვეტების პოვნა — ყველაფერი ერთად მოითხოვს დიდ ყურადღებას. თუმცა, თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამთ, თქვენი სახლის ინტერიერი შეიძლება იქცეს იმ სრულყოფილ სივრცედ, რომელშიც გსურთ ცხოვრება და დროის გატარება. 

1. განსაზღვრე შენი სტილი

როგორ განწყობას უნდა ქმნიდეს საცხოვრებელი სივრცე? რომელიც თქვენი სტილის უკეთ გარკვევაში დაგეხმარებათ — გადახედეთ თქვენს გარდერობს, ოფიციალური ტანსაცმელი ჭარბობს თუ თავისუფალი, ყოველდღიური სტილი უფრო გჭრის თვალს? გარკვეულ ფერებზე ან ვიზუალურ მახასიათებლებზე ხომ ხართ მიჯაჭვული?

დიზაინის შთაგონება ცხოვრების ყველა ასპექტიდან შეგიძლია "შეისრუტოთ". გაიხსენეთ სასტუმრო ან რესტორანი, რომელში ყოფნისას სასიამოვნოდ აღფრთოვანებული დარჩით და დაფიქრდით, რა დეტალებმა თუ მახასიათებლებმა მოგანიჭათ ეს განცდა. ეს შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული სავარძელი, სანათი, ან ფოტო კედელზე, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი სურვილები უკეთ გააანალიზოთ.

2. ჩამოყალიბდით, რა არ მოგწონთ

განსაზღვრო ის, თუ რა არ მოგწონს, ბევრად მარტივია. ასე არჩევანი ბევრად დავიწროვდება და საქმეც გაგიადვილდებათ. მაგალითად, დიდი ზომის, მკვეთრი პრინტი, შესაძლოა უსიამოვნო მოგონებებს გახსენებდეთ, რომელიც არ გსურთ, თქვენს ბინაში იგრძნოთ. მოგონებები და რეაქციები ძალზე პერსონალურია და სწორედ ამიტომ აქვთ ძალა, განსაზღვრონ ჩვენი გემოვნება.

3. დიზაინი სივრცის გათვალისწინებით ააგეთ

სივრცის დაგეგმვისას მასშტაბების გათვალისწინება მნიშვნელოვანი რამაა. სივრცისთვის შეუსაბამო ზომის ავეჯი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. სჯობს, დიზაინი იმ ავეჯის ირგვლივ ააწყოთ, რომლისთვისაც საკმარისი სივრცე გაქვთ. აუცილებლად იფიქრეთ ბალანსზე. მოზრდილი ოთახებისთვის სხვადასხვა ზონები დაგეგმეთ — იქნება ეს, ჩამოსასხდომი ადგილი, თუ ტელევიზორის კუთხე, გამონახეთ სივრცე სამუშაო მაგიდისთვის ან მოაწყვეთ გასართობი ზონა. ამ ხერხით ოთახს ბევრად მრავალფეროვან დატვირთვას შესძენთ. სიმეტრიების წედმიწევნით დაცვაზე ნუ იფიქრებთ, რადგან ამან შეიძლება სივრცეს ზედმეტი სწორხაზოვნება შესძინოს და მოსაწყენი ნოტები შეიტანოს ინტერიერში. მთავარია, გაითვალისწინოთ პროპორციები და მასშტაბი, რადგან ეს ელემენტები დახვეწილი დიზაინის მთავარი ნიშნებია.

4. ნახატები და საღებავი რეალურ სივრცეში გამოსცადეთ

ინტერიერის ნახატებით გაფორმება ფინანსურად ეფექტური გადაწყვეტილებაა. სწორი ნახატების შერჩევა სხვადასხვა სივრცეს ჰარმონიულად დააკავშირებს. რაც შეეხება ფერებს, მათი არჩევისას აუცილებელია, სახლი წარმოიდგინოთ, როგორც ერთი მთლიანობა, რადგან თითოეული ოთახის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაგეგმვა სარისკოა. 

ფერები, რომლებიც თქვენი ინტერიერის ნაწილი უნდა გახდეს, რეალურ სივრცეში გამოსცადეთ. შესაძლოა, ბუნებრივი განათების პირობებში შერჩეული ტონები ისეთი ეფექტური აღარ მოგეჩვენოთ. თვალდახუჭული ნუ აირჩევთ ფერს, რომელიც სხვის სახლში ნახეთ და მოგეწონათ — შედეგი სივრცის მიხედვით იცვლება. განსაკუთრებული ყურადღება ღია ტონებს მიაქციეთ და სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე სხვადასხვა შეფერილობები მოსინჯეთ, ბაც ტონებზე განათება და გარემოს ფერები დიდ გავლენას ახდენს.

5. არ შეუშინდეთ ძვირი და იაფი დიზაინის ელემენტების კომბინაციას

მაღალი ფასი ავტომატურად არ ნიშნავს არც კარგ ხელოვნების ნიმუშს, არც ტანსაცმელს და რაღა თქმა უნდა, არც ავეჯს. ყურადღება დაუთმეთ ნაკლებად ცნობილ არტისტებს თუ დიზაინერებს; გაითვალისწინეთ ფორმები, ფერები, თქვენი გემოვნება, კომფორტი და ამის მიხედვით შეარჩიეთ დიზაინის ელემენტები. ყველაზე მოკრძალებული ნივთები, შეიძლება, ყველაზე მეტ დატვირთვას იძენდნენ და ოთახის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალად იქცნენ. ვინ თქვა, რომ ძვირფასი ნივთის რაობა გადახდილი ფულის ოდენობით განისაზღვრება?!

6. ინტერიერის დაგეგმვა იატაკიდან დაიწყეთ

ინტერიერის დიზაინის მოწყობა დამღლელი საქმეა — ათასი წვრილმანი უნდა გაითვალისწინო და, პირველ რიგში, საწყისი წერტილის პოვნა უნდა შეძლო. ნებისმიერი ოთახის შემთხვევაში სჯობს, დაგეგმვა იატაკის მასალის შერჩევით დაიწყოთ — არ აქვს მნიშვნელობა, ხის იატაკზე ფიქრობთ, მომცრო ზომის ხალიჩებზე, ფილებზე, ქვაზე თუ ოთახის სრულად ხალიჩით დაფარვაზე. იატაკის დაგეგმვა უკეთ მიგახვედრებთ ოთახის სხვა დეტალების ხასიათი როგორი შეიძლება იყოს. თუ იატაკი ნეიტრალური ფერის იქნება, სივრცის სხვა ნაწილებში ფერების მეტი კომბინაციის შესაძლებლობა გექნებათ.

თუ თქვენი ინტერიერის მთავარი დეტალი ძველებური ხალიჩაა, შეგიძლიათ ამ მასალაში გამოყენებული ფერებო ოთახის სხვა ელემენტებზე გადაათამაშოთ. ყველა დეტალი ერთმანეთთან უნდა დააკავშიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სივრცე უნისონში ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. თუკი მთავარი აქცენტი დივანზე ან სავარძლებზეა, ეს ავტომატურად დაგიწესებთ ლიმიტს ოთახის ყველა სხვა დეტალზე. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში იატაკის დაფარვაზე იზრუნეთ და შემდეგ თქვენს შემოქმედებით მხარეს მაქსიმალური გასაქანი მიეცით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა